დღეს 10:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი მე-40 საერთაშორისო კონფერენციას გახსნის თემაზე: "მუზეუმ-ნაკრძალები - ისტორიის სათავეებთან".
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ორგანიზებით, 22-26 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩატარდება ICOM ICAMთ-ის (არქიტექტურისა და სამუზეუმო ტექნიკის საერთაშორისო კომიტეტი) მე-40 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: "მუზეუმ-ნაკრძალები - ისტორიის სათავეებთან".
წლევანდელი საერთაშორისო კონფერენციის თემატიკა ფოკუსირებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში მუზეუმ-ნაკრძალების განსხვავებული როლის განხილვა-გაანალიზებაზე, ღირსშესანიშნაობის ადგილის უნიკალურობის შენარჩუნების, კრეატიული განვითარების შესატყვისი თანამედროვე არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის შექმნის, ვიზიტიორთა მომსახურების ეფექტურობის გაუმჯობესების, ხელმისაწვდომობისა და მუზეუმ-ნაკრძალების ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის გაზრდის, მათი მდგრადი განვითარებისა და სხვა საკითხებზე.
კონფერენციის ჩატარება ხელს შეუწყობს ქვეყნის მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ქმედითი რეფორმის განხორციელებას საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც დიდად წაადგება ქვეყნის მუზეუმების თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლას და მათ ინტეგრირებას მსოფლიო სამუზეუმო სივრცეში.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 50 უცხოელი ექსპერტი და ქართველი სპეციალისტი.
მათ შორის: ICAMთ-ის პრეზიდენტი ჟან ჰილგერსომი (ნიდერლანდები), ICAMთ-ის ვიცე-პრეზიდენტი მ. ჯანსონი (შვედეთი), პროფესორები: დ. პფნანენშტილი (გერმანია), ნ. ვედბლედი (საფრანგეთი), იან მეი (გერმანია), სილვიო კალვი, მ. აბიატი, ჯაკომო პირაზოლი (იტალია), ქ. ქაიტასი (ეგვიპტე), ნ. ტაჰერი (ინდოეთი), ლიუ კეჩენგი (ჩინეთი), დონგ-მინგ ქსიუ (ნორვეგია), ვ. როჟკო, ა. კოტლიარჩუკი (უკრაინა), აზერბაიჯანის ICOM-ის პრეზიდენტი რ. ტაგიევა, ტერეზა არიას როხასი (პერუ), სომხეთის ICOM-ის პრეზიდენტი მ. ჰაროიანი, ლ. კიტუნგულუ (კენია) და სხვ.