როგორც მკითხველისთვის ცნობილია, 21 წლის ჯემალ შელია გასული წლის 21 დეკემბერს გლდანის მე-2 მიკრორაიონში მომხდარი ინციდენტისას თავის არეში მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დღეს შელიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლომ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
-"2014 წლის 22 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ბრალდებულები კახაბერ წურწუმია, ზურაბ წურწუმია, ტარიელ წურწუმია და აკაკი გვასალია გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მათ ბრალად ედებოდათ ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ასევე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.
საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. აღნიშნულ საქმეზე გაიმართა 27 სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდების 18 და დაცვის 15 მოწმე.
ღია სასამართლო სხდომებზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რაც შექმნიდა საფუძველს პირთა დამნაშავედ ცნობისათვის. საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ აღმოჩნდა საკმარისი პირთა დამნაშავედ ცნობისათვის და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ კახაბერ წურწუმია, ზურაბ წურწუმია, ტარიელ წურწუმია და აკაკი გვასალია უდანაშაულოდ სცნო წარდგენილ ბრალდებებში და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში".