საგადასახადო ორგანოებისთვის ფიზიკური თუ იურიდიული პირების საბანკო კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების უფლების მინიჭების საკითხზე პარლამენტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს.
საგადასახდო კანონმდებლობის გარდა, ცვლილებების შეტანა იგეგმება "ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში" და "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" კანონში.
მთავრობის საკანონმდებლო პაკეტზე დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე იმსჯელებენ.
მოქმედი კანონმდებლობა საგადასახადო ორგანოს მიერ საბანკო დაწესებულებიდან ან სხვა ფინანსური ინსტიტუტისგან პირის კონფიდენციალური ინფორმაციის (ანგარიშები, ანგარიშებიდან განხორციელებული ოპერაციები, ანგარიშებზე არსებული ნაშთები და ა.შ.) მოპოვებას არ ითვალისწინებს. არსებული კანონმდებლობით, საგადასახადო ორგანოს მსგავსი ინფორმაციის მოპოვება მხოლოდ პროკურატურაში გადასახადის გადამხდელზე საქმის აღძვრის და სასამართლო ნებართვის მოპოვების შემდეგ შეუძლია. ცვლილებების მიხედვით კი, საგადასახადო ორგანოს უფლება ენიჭება, საკუთარი საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად და ასევე უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის შემდეგ ბანკიდან პირის კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვოს. ეს, თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მოხდეს.
პროექტით, "ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში" საგადასახადო ორგანოს მიერ საბანკო საიდუმლოების მიღების ორი მექანიზმია შემოთავაზებული: ანგარიშის მფლობელი ინფორმირებულია სასამართლო პროცესის შესახებ და ჩართულია სასამართლო პროცესში. არის კიდევ ერთი მექანიზმი, რომლის გათვალისწინებით, სასამართლო პროცესი პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე ანგარიშის მფლობელის ინფორმირების და სასამართლო პროცესში მისი ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს. პირს არც სასამართლო პროცესის შემდეგ ეცნობება სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ და არ აქვს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.