ივერიონი / რელიგიური განათლების საჭიროება თანამედროვე ცხოვრებაში

რელიგიური განათლების საჭიროება თანამედროვე ცხოვრებაში

    ვიდრე სახელდობრ რელიგიურ ცნობიერებასა და მის პარტიკულარულ მხარეს შევეხებოდეთ, უპრიანი იქნება, თუ განვიხილავთ საკუთრივ განათლების მნიშვნელობასა და მის ფუნდამენტურ როლს საზოგადოებრივი განვითარების სფეროში. საწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ განათლება არის მისტიური ძალა, რომელიც ყველაზე უფრო დახვეწილი, ღირსეული და საუკეთესო გზაა სოციალური დამკვიდრების, წარმატებისა და თვითრეალიზაციისთვის. ეს არის შესაძლებლობა, იყო კონკურენტუნარიანი, საინტერესო, ერთგვარად პრივილეგირებული და მოთხოვნადი პერსონა, რომელიც პროდუქტიულ ნაყოფს იძლევა საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და სტაბილურობისთვის. 

     თანამედროვე საზოგადოება მერიტოკრატულია. ადამიანის კარიერული წარმატება, უპირველესად, დამოკიდებლია მის გონებრივ რესურსებზე, რაც შრომისმოყვარეობასთან, ნებისყოფასთან და დისციპლინასთან ერთად მოიცავს წიგნიერ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რასაც განათლების გზით ვიღებთ. 

     ცოდნა ყველაზე მყარი კაპიტალია, რომელიც მის მფლობელს შეუძლია უშრეტად გამოიყენოს. მიზანდასახული შემოქმედი კი აქტიურობისას დინამიურ პროცესშია და არასდროს სტატიკურ მდგომარეობაში არ იმყოფება, რაც მისი შემდგომი განვითარების საწინდარია.

     განათლების საბოლოო და პრიორიტეტული მიზანია თავისუფალი პიროვნების აღზრდა შინაგან თვისებათა შეუფერხებელი განვითარებით, სადაც ინდივიდი აბსოლუტურად დამოუკიდებელი და შეუვალია. სწორედ ეს უნდა წარმოადგენდეს პროგრესისა და ლიბერალური წინსვლის ფუძემდებლურ პრინციპს.

                                        რელიგიური განათლება

     ცოდნისა და ზნეობის ურთიერთმიმართება ყოველთვის იყო კაცობრიობის განსჯის საგანი. მუდმივად ბჭობდნენ, რა სჯობდა: განათლებული და უზნეო ადამიანი თუ განათლებას მოკლებული ზნეობრივი ადამიანი?! ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა ბიბლიური სწავლება: "უმჯობეს არს მოკლებული სიბრძნითა (სწავლითა) შიშითა ღვთისა, ვიდრეღა წარმატებული სიბრძნითა (სწავლითა) და გარდამხდომელი სჯულისა" (ზირაქ. 19.21.) – ამ სიტყვებში ჩანს, რომ სწავლებას კეთილზნეობის გარეშე ფასი არ აქვს და სული უპირატესია გონებაზე, რამეთუ ცოდნას სიყვარულის გარეშე დიდი საზოგადო ზიანის მოტანა შეუძლია, რაც კაცობრიობის განვითარების გამოცდილებამაც მრავალგზის ცხადყო.

      ქრისტიანული ეთიკა და ზნეობრივი ღვთისმეტყველება მოგვიწოდებს, რომ გონებაბრგვილ და უცოდინარ ადამიანად ის კი არ ჩავთვალოთ, ვისი ერუდიციაც შეზღუდულია, არამედ ის, ვინც თავისი ინტელექტით თავმომწონეობს. სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრს შეხვდებით უგუნურად ქედმაღალსა და დამღუპველად ტრაბახას, რომელსაც თავისუფლების შეგრძნება დაუკარგავს და მუდმივად რაღაც ხელოვნური ეტიკეტით ცხოვრობს... მაშინ, როცა უბრალოება და სისადავე საოცარ სიმშვიდეს, სულიერ აღფრთოვანებასა და სითბოს იწვევს როგორც შენში, ასევე მათშიც, ვისაც შენთან ურთიერთობა აქვს. სწორედ აქ ვლინდება გულის იერარქიული სიმაღლე ტვინზე.

     ნიშანდობლივია, რომ წმ. ილია მართალი ჭეშმარიტად განათებულად არ მიიჩნევდა ყოფაქცევით უწესო ხასიათის ადამიანს. თავის "პედაგოგიის საფუძვლებში" იგი წერს: "ჭეშმარიტი განათლება განვითარებული გონების და გაწურთვნილის ზნე-ხასიათის ერთმანეთთან შეუღლებაა განუყრელად. თუ კაცს ან ერთი აკლია, ან მეორე, იგი განათლებული არ არის და, ჩვენის ფიქრით, ისევ გონებაგანუვითარებელი და ზნე-ხასიათგაწურთვნილი კაცი სჯობია, ვიდრე გონებაგანვითარებული და ზნე-ხასიათგაუწრთვნელი".

     ხშირად კამათობენ იმაზეც, თუ რამდენად "უარყოფით" ზეგავლენას ახდენს რელიგიური შეხედულებები, რაციონალისტურ, მეცნიერულ სინამდვილეზე, რომელიც მხოლოდ საგნებსა და ნივთიერებებს სწავლობს და ამავე დროს ცდებს ემყარება. ცოდნისა და რწმენის "ჭიდილთან" დაკავშირებით, სასარგებლო იქნება, თუ მოვიხმობთ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს სიტყვებს: "განა შეიძლება მეცნიერება და რწმენა დაუპირისპირდეს ერთმანეთს, როცა ისინი ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების სრულიად განსხვავებულ სფეროებს მიეკუთვნებიან, ერთი – ფიზიკურს, ხოლო მეორე – სულიერს; ისინი კი არ ეწინააღმდეგებიან, არამედ ავსებენ ერთიმეორეს".

     მართლმადიდებლურ სამყაროში წმინდა მამები მიიჩნევენ, რომ რელიგია არის სიცოცხლის ხე, ხოლო მეცნიერება – ცოდნის. საინტერესოა წმ. კლიმენტი ალექსანდრიელის შეხედულება, რომელიც ამბობს: "მხოლოდ მორწმუნე ადამიანი არის მონა უფლისა, ხოლო მორწმუნე და განათლებული ადამიანი არის მეგობარი ღვთისა".

     თანამედროვე საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ ახალგაზრდობას (უმწიფარსაც და მოწიფულსაც) განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოებრივი განვითარების საქმეში. სწორედ ამიტომ სასწავლო დაწესებულებათა უმთავრეს პრიორიტეტს მოსწავლეთა სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბება წარმოადგენს. იმისათვის, რომ ეს იდეა სრულყოფილად განხორციელდეს დღევანდელ ქართულ პედაგოგიკასა და სოციოლოგიაში, საჭიროა რელიგიური განათლების პოპულარიზება და წინ წამოწევა.

     სამწუხაროდ, ამ თემისადმი უყურადღებობას ბოლო წლებში ხელისუფლებისგან სრული იგნორირება და აუგი დამოკიდებულებაც ახლავს, რაც მათი მხრიდან კონკორდატის აბსოლუტურ უგულებელყოფაში ვლინდება. ნაცვლად პრინციპულობისა, ამ მხრივ, პასიურობასა და ინდიფერენტულობას საქართველოს საპატრიარქოც იჩენს, რაც, თავის მხრივ, მეტად გაუგებარი, პარადოქსული და აუხსნელი მოვლენაა.

     უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, რომ კანონმდებლობამ და ეროვნულმა სასწავლო გეგმამ მკაფიოდ განსაზღვროს რელიგიური სწავლა-მოძღვრების ადგილი და დანიშნულება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. მისასალმებელია, თუ იგი ადრიდანვე დაინერგება, რამეთუ დაწყებითი სწავლება საბაზისო განათლების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.

     იმ შემთხვევაში, თუკი (მშობელთა, მოწაფეთა) ინტერესი დიდია, კონკრეტული სკოლის სამეურვეო საბჭომ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ სავალდებულო ან ნებაყოფლობითი ფაკულტატური კურსის სახით მაინც ისწავლებოდეს რელიგიების ისტორია.

     კანონმა, აგრეთვე, უნდა უზრუნველყოს იმის შესაძლებლობაც, რომ, თუკი მოთხოვნა არსებობს, მოსწავლეებმა საკუთარი ინიციატივით, სურვილისამებრ, რომელიმე კონკრეტული რელიგიის შესახებ ისწავლონ. მათ ასევე კომპეტენტური სწავლულისა თუ სასულიერო პირის რეგულარული მოწვევის  უფლებაც უნდა მიეცეთ, რომელიც მათთვის აქტუალურ და საინტერესო საკითხებზე კვალიფიციურ კონსულტაციებს გაუწევს თითოეულ მათგანს, რადგან პიროვნების ფორმირებაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ის, რასაც ვასწავლით, არამედ კიდევ უფრო მეტად ის, თუ როგორ და რა მეთოდით ვასწავლით.

     ამასთან, რელიგიური შინაარსის ღონისძიებების, პრეზენტაციებისა თუ სამეცნიერო კონფერენციების პერიოდული გამართვაც სახალისოს გახდის მუშაობისა და მეცადინეობის პროცესს, რაც მოსწავლისათვის კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გულისხმობს.

     ფსიქოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ რელიგიური აზროვნება საგრძნობლად აფართოვებს ადამიანის შემეცნებით არეალს და იგი მიჰყავს ზნეობრივი სიმაღლის საფეხურამდე.

     უეჭველია, რომ მოზარდი პირველადი წიაღიდან, ანუ ოჯახის გარემო-პირობებიდან იღებს მსოფლმხედველობრივ, თვისობრივ თუ მენტალურ უნარ-ჩვევებს, იყალიბებს ფასეულობათა სისტემასა და გონისეულ ხასიათს. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული წინდახედულობა და ყურადღება მართებთ მშობლებს ესოდენ ფაქიზი პროცესისადმი, რასაც ბავშვის აღზრდა ჰქვია.

     ვგონებ, რომ არასწორია, როცა მშობლები მგლური შთაგონებით ზრდიან თავიანთ შვილებს, როცა შეაგონებენ და არიგებენ იმის თაობაზე, რომ იყვნენ ყველაფერში პირველნი, ყველაზე კონკურენტუნარიანები, ყველაზე ძლიერები, ყველაზე წარმატებულები, ყველაზე ლამაზები, ყველაზე ამაყები და ყველასა და ყველაფერზე წინ მდგომნი და ა.შ. 

     არადა თუ დავაკვირდებით, რამდენია ამ "ყველაზე" უნარებით დაჯილდოვებული და რამდენმა გამოიმუშავა ეს "ყველაზე" უნივერსალურის ფენომენი, მაგრამ ყველა როდია საზოგადო სიკეთისა და დადებითი რეზულტატის მომტანი.

     მე ვფიქრობ, რომ შვილს არა სხვაზე უპირატესობა, არამედ თავმდაბლობა, თანაგრძნობა, სიყვარული, შემწყნარებლობა და კეთილშობილება უნდა შთავაგონოთ, რაც იქნება საწინდარი მისი შემდგომი და ნამდვილი განვითარებისა, რომლითაც ის არა მერკანტილურ და პირად, არამედ საყოველთაო სარგებლობის ნაყოფს შექმნის.

     აბა დავფიქრდეთ, ჩვენს საზოგადოებაში არიან კი ისეთი მშობლები, რომელნიც შვილს სიმდაბლისაკენ მოუწოდებენ? თითქმის არა. სწორედ ეს არის ამდენი ბოროტების სათავეც.

      საყურადღებოა ერთ-ერთი თანამედროვე მართლმადიდებელი ღვთისმეტყველის, დეკანოზ თეოდორე გიგნაძის მოსაზრება ბავშვთა ადრეული ასაკიდან სარწმუნოებრივი აღზრდის შესახებ: "ისმის კითხვა: რატომ არ უნდა მივაწოდოთ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს რელიგიური სწავლება? როდესაც მათ ვზრდით, სკოლაში მიგვყავს, წამალს ვაძლევთ, ვაცმევთ, სადილს ვუმზადებთ და ა. შ., განა ვეკითხებით მას, განა ის წყვეტს ამ საკითხებს? აქვს კი უნარი პატარას, გააკეთოს არჩევანი? ეს ხომ მოწიფულთა საქმეა... და როცა ლაპარაკია მადლზე, სიკეთეზე, ჭეშმარიტებასა და ღმერთთან ურთიერთობაზე, რა არის ამაში ცუდი? პირიქით"!

     ძალზე საინტერესოა ფსიქოლოგ ლევან შატბერაშვილის მოსაზრებებიც ცოდნისა და ზნეობის მნიშვნელობის შესახებ, იგი წერს: "ცნობილია, რომ გარკვეული მიმართულებით ნიჭიერება მეტწილად განპირობებულია გენეტიკით... ზნეობა კი აღზრდიდან მოდის, იმ ოჯახიდან, რომელშიც დაიბადე და გაიზარდე, გასწავლეს, თუ რა არის კარგი და რა – ცუდი... რატომ უყვარდი იმ ოჯახში, იმიტომ, რომ იყავი პატიოსანი, წესიერი, თუ იყავი ისეთი, როგორც თვითონ უნდათ, რომ ყოფილიყავი, თვითონ კი არ იყვნენ ზნეობრივი თვალსაზრისით მისაღებნი… ამიტომ ბავშვი უნდა გაიზარდოს სიყვარულში. ესაა მთავარი. ოჯახში, სადაც სიყვარულია, ურთიერთპატივისცემაა, როგორც წესი, ზნეობრივი ადამიანები იზრდებიან. იმ ოჯახებში კი, რომლებშიც ძალადობა, ტყუილი და ფარსია, იქ, გამონაკლისების გარდა, ზნეობრივები არ იზრდებიან... საერთოდ კი ჯობს, ბავშვს არაფერი დააძალო, უკეთესია ინტერესი გაუჩინო".

     აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებში, მათი ქცევის რეგულირებისა და კონტროლისთვის, ყოვლადდაუშვებელია რელიგიური დოქტრინებითა და არგუმენტებით ზეწოლა, რამეთუ დიდია ალბათობა მათში პროტესტის გრძნობის გაღვივებისა და შიდასულიერი აგრესიის გაჩენისა. ეს ყოველივე კი კრიტიკული აზროვნების უნარს დაუქვეითებს მოზარდს, რაც იქნება ფატალური დარტყმა თითოეული ბავშვის ფსიქიკაზე.

     უნდა ითქვას, რომ წარმატებული რელიგიური განათლების საზომია არა იმ ცოდნისა და ინფორმაციის მოცულობა, რომლითაც ტოვებს მოსწავლე სკოლას, არამედ ის, თუ რამდენად ეხმარება სასწავლებელი და პედაგოგი მოსწავლეს იპოვნოს საყრდენი, სულიერი წერტილი ამ თავბრუდამხვევ და ქაოტურ სამყაროში, ანუ რელიგიური სწავლა-განათლების მიზანი ადამიანის ზნეობრივი გაუმჯობესებაა და არა თვით განათლება. უმთავრესად, ადამიანს უნდა მიეცეს განსჯის უნარი იმისათვის, რათა ერთმანეთისგან განარჩიოს კეთილი და ბოროტი, სასარგებლო და ურგები, ნათელი და ბნელი და თავისუფალი ნების საფუძველზე გააკეთოს სწორი არჩევანი, რომელიც წარმავალიდან მარადისობამდე ადის.

     მიმაჩნია, რომ მოსწავლეთა რელიგიური გათვითცნობიერება მნიშვნელოვანწილად ხელს შეუწყობს კეთილსინდისიერი, პატიოსანი და მაღალზნეობრივი სოციუმის ჩამოყალიბებას, რაც თავისთავად იქნება მყარი გარანტი ქვეყნის წარმატებული და ჯანსაღი მომავლისა.

     აუცილებელია, რომ სწავლება მიმართული იყოს ბავშვის პიროვნების, მისი ნიჭის, ინტელექტის, გონებრივი თუ სულიერი შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარებისკენ.

     პედაგოგთა მიზანს უნდა წარმოადგენდეს მოზარდი თაობის მომზადება თავისუფალ, დემოკრატიულ, ტოლერანტულ საზოგადოებაში აქტიური მაღალმორალური ცხოვრებისათვის. სასწავლებლებმა უნდა გააღვივონ მათში პატრიოტული სულისკვეთება და შთააგონონ პატივისცემის უნარი არა მხოლოდ თვითმყოფადი ეროვნულ-კულტურული ფასეულობებისადმი, არამედ მარადიული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისადმი. მოსწავლეებს მათ უნდა ასწავლონ სხვადასხვა ერის, კონფესიისა თუ დენომინაციის წარმომადგენელთა მიმართ ურთიერთგაგების ხელოვნება, საკუთარი ქვეყნისა და აღმსარებლობისადმი სიყვარულის დაკნინების გარეშე.

     ვფიქრობ, რომ რელიგიური ცოდნა ბევრად უფრო ჰარმონიულს, შემწყნარებლურსა და ცივილურს გახდის პლურალისტურ გარემოში სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევართა ურთიერთ–დამოკიდებულებას.

 

გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი), მწერალი. 

 

23-09-2014, 11:25
უკან დაბრუნება