ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის, ცინიზმსაც!
მიკვირს, ყველა „ავი სენი“ ჩვენ როგორ უნდა შეგვეყაროს- ისე როგორ უნდა დაგვებინდოს გონება, ისე როგორ უნდა ავმჩატდეთ, რომ ღირსების ნატამალიც აღარ შეგვრჩეს!..
ნახევარი დუნია შეძრა პროკურატურის გადაწყვეტილებამ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღების შესახებ. როგორც დაყადაღებული ქონების ჩამონათვალში ვკითხულობთ, ყადაღა ვრცელდება იმ ქონებაზეც, სადაც ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი თავის უმცროს ვაჟიშვილთან ერთად ცხოვრობს თურმე!
ყოფილი პირველი ლედის ქუჩაში გაგდება ნამდვილად მოსაწონი საქციელი არ არის, მითუმეტეს, თუ მისი დანაშაული მხოლოდ სააკაშვილის ცოლობაა (არადა, ავი ენები რას არ ამბობენ), მაგრამ აქ საქმე არა იმდენად პროკურატურის გადაწყვეტილებასთან გვაქვს, რამდენადაც სამარცხვინო ინიციატივასთან, რაც ამ ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში და ქართულ მედიაში გაჟღერდა - თურმე საინიციატივო ჯგუფი იღებს ვალდებულებას შეაგროვოს მოწყალება და ქუჩაში დასარჩენად განწირულ ყოფილ პირველ ლედის ბინა უყიდოს!
გაჭირვებულის თანადგომა ღვთიური თვისებაა, მაგრამ აქ უფრო ფარისევლობასთან გვაქვს საქმე, ვიდრე მოყვასის თანაგრძნობასთან, რომლის მიღმა შორსგამიზნული ჩანაფიქრი იმალება...
„გვაპატიე სანდრა“ - ამ ორიოდე დღის წინ გულდათუთქული წერდა სააკაშვილის თანამებრძოლი, განათლების სისტემის „რეფორმატორი“ კახა ლომაია. იგი მთელი საქართველოს სახელით უხდიდა ბოდიშს სანდრა რულოვსს და ამ „გაუგებრობას“ „ცახესად“ წოდებულ ბიძინა ივანშვილს აბრალებდა!!!
სასაცილოა, ექს-პრეზიდენტს მილიარდების მოპარვა-მითვისებას აბრალებდე (არაოფიციალურად) და მის მეუღლეს „მადლიერი“ საზოგადოება ბინის შესაძენად ფულს უგროვებდეს!..
დამთავრდეს, რა ეს ბინძური თამაში!
საბა საბახტარაშვილი