სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი დედოფლისწყაროს რაიონში, კირქვის საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დედოფლისწყაროს კირქვის საწარმოში 29 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლო.
გაცნობებთ, რომ შემთხვევა გუშინ, 22 სექტემბერს მოხდა. ზარი გამოძახების შესახებ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში 15:40 სთ-ზე დაფიქსირდა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე გამოძახებიდან ათი წუთის შემდეგ, 15:50 სთ-ზე მივიდა. ამ დროისთვის, მამაკაცის ქვიშის გროვიდან გამოსაყვანად სპეციალური სამუშაოები მიმდინარეობდა. მისი გამოყვანა ქვიშის გროვიდან თითქმის 2 საათის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ამ დროისთვის, 29 წლის მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გამოძახება 18:05 სთ-ზე დაასრულა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და მედიასაშუალებებს ინფორმაციის გადამოწმებისკენ მოუწოდებს", - აღნიშნულია განცხადებაში.