ივერიონი / გელა ნიკოლაიშვილი: პენიტენციალურ სისტემას ციხის ადმინისტრაცია სრულად აკონტროლებს!

გელა ნიკოლაიშვილი: პენიტენციალურ სისტემას ციხის ადმინისტრაცია სრულად აკონტროლებს!

 ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი თვლის, რომ პენიტენციალურ სისტემას ციხის ადმინისტრაცია სრულად აკონტროლებს.

 

 "ეს იქიდანაც ჩანს, რომ ციხეში არსებული სიტუაციის  ამსახველი კადრები არსებობს.  ანუ ადმინისტრაციამ იცის ამ ყველაფრის შესახებ.  ეკა კვესიტაძეს ხომ არ ჩაუწერია - რა ხდება ციხეებში. ანუ ეს ჩანაწერები არსებობდა, რომელიც შემდეგ, დარწმუნებული ვარ, დანაშაულებრივი გზებით მოხვდა გარეთ", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა დღეს "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

  მისივე თქმით,   "თუ ამ ყველაფერს ვერ ან არ ერევა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო - ეს, რა თქმა უნდა, მათი სისუსტე, უგერგილობა, უნიათობა და დანაშაულია! მათ ამის მოვლა ევალებათ, ამაში იღებენ ისინი ხელფასს და კეთილი უნდა ინებონ და  აღკვეთონ აღნიშნული ქმედებები!"- აღნიშნა ადვოკატმა.

 

   ნიკოლაიშვილმა პენიტენციარულ სისტემაში ე.წ. მაყურებლების და კანონიერი ქურდების არარსებობა-არსებობაზეც ისაუბრა.

 

   "რა თქმა უნდა, კანონიერი ქურდებიც არსებობენ, ოღონდაც ისინი იზოლირებულნი არიან და იმყოფებიან მე-7 საპყრობილეში.  ზოგადადაც, ეს ავტორიტეტები დიდი სასაუბრო თემა არ არის. ავტორიტეტს ადამიანი როგორ  და სად მოიხვეჭს, ეს ადამიანზეა დამოკიდებული. ავტორიტეტეები ყველა სფეროში არსებობენ და ამას ვერავინ აკრძალავს. მთავარია, ვინ აკონტროლებს ციხეს და მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ციხეს თავიდან ბოლომდე ადმინისტრაცია აკონტროლებს!"-განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

23-09-2014, 15:14
უკან დაბრუნება