საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის თქმით, ზვიად ჯანყარაშვილი "თამაზაშვილების კლანის" გამორჩეული და ოდიოზური წევრია. მისივე თქმით, საზოგადოებას ახსოვს თუ როგორ შეიჭრა ის საავადმყოფოში და ემუქრებოდა მათ ფიზიკური ლიკვიდაციით.
"ჩვენ ვიცით მის წინააღმდეგ სერიოზული ბრალდებები, რომ მონაწილეობდა ბიზნესის გადანაწილებაში, ბიზნესის ტერორში, ახლა მას ალბათ ახალი მისია აქვს, რომ პარტიის სახელით დაატეროროს ბიზნესმენები და ფული ამ გზით მოიძიოს. მე მივმართავ ჩემს კოლეგა პოლიტიკოსებს, თუ მათ მოსწონთ, რომ მაკონტროლებლად მათ ღარიბაშვილმა დაუნიშნა ნუნუკას მამიდაშვილი, ეს მათი საქმეა, თუმცა ცხადია ქვეყანა ასე არ უნდა იმართებოდეს", - აცხადებს ნადირაშვილი.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" პარტიაში ახალი - აღმასრულებელი მდივნის თანამდებობის შემოღებას აპირებს. როგორც უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, "ქართულ ოცნებას" სჭირდება აღმასრულებელი მდივნის პოსტი, რადგან პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე აქტიური მინისტრია. გავრცელებული ინფორმაციით, აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას ზვიად ჯანყარაშვილი დაიკავებს.