პოლიტიკური გაერთიანება "ქართული დასი" პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს:
-"წლების განმავლობაში ცხადად გამოიკვეთა საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვანი ხარვეზები: საარჩევნო სისტემა, რომელიც არ იძლევა საშუალებას ამომრჩეველთა ნება შესაბამისად აისახოს მანდატების რაოდენობაზე და გათანაბრდეს ერთი საარჩევნო ხმის წონა, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირება და სხვა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებმაც ბოლოს და ბოლოს უნდა უზრუნველყოს თანაბარი და კონკურენტული წინასაარჩევნო გარემო და სამართლიანი არჩევნები.
როგორც თქვენთვის ცნობილია, დასავლური სტანდარტების მიხედვით საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები უნდა განხორციელდეს არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ამიტომ მნიშვნელოვანია საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ფორმირება მოხდეს არაუგვიანეს 2014 წლის შემოდგომისა და სამუშაო ჯგუფში ტრადიციულად, ისევე როგორც ყველა წინა შემთხვევაში, ჩართული იყოს არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები.
ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES)-ის გამოცდილებისა და მხარდაჭერის გამოყენება და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების სრულფასოვანი ჩართვა მუშა პროცასში.
აღნიშნულის გათვალისწინებით მოგმართავთ თხოვნით, დროულად შეიქმნას საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფი და გამოვთქვამთ მზადყოფნას ტრადიციულად აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ჯგუფის მუშაობაში.
პატივისცემით,
თავმჯდომარე
ჯონდი ბაღათურია