ივერიონი / აკაკი მინაშვილი: სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ბაზის საქართველოში განთავსება სახიფათოა!

აკაკი მინაშვილი: სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ბაზის საქართველოში განთავსება სახიფათოა!

  საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი ამერიკული გამოცემა  Foreign Policy-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საქართველომ აშშ-ს სირიელი მეამბოხების საკუთარ ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა.

  "არაეფექტიანი ხელისუფლების ხელში ასეთი ტიპის წინადადებები გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მოწმეები, ორი წლის განმავლობაში, გაუაზრებელ, არაეფექტიან პოლიტიკას ახორციელებენ ყველა მიმართულებით, მათ შორის, უსაფრთხოებასთან მიმართებაში.

  თავისთავად კარგია, საერთაშორისო კოალიციებში მონაწილეობის მიღება, ტერორიზმის წინააღმდეგ, მაგრამ ასეთი ტიპის წინადადებები შეიძლება სახიფათო იყოს", - განაცხადა მინაშვილმა.

   Foreign Policy-ს ინფორმაცია გუშინვე უარყო სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭომ. როგორც საბჭოში განაცხადეს, "მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში სირიელი მეამბოხეების გაწვრთნა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება".

   ამერიკული გამოცემის ინფორმაციას გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტროც. "მოკავშირეებთან ერთად განხილული არცერთი ვარიანტი არ შეიცავს ქართული საჯარისო დანაყოფების მივლინებას საომარი მოქმედებების ზონაში. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე", - აცხადებენ უწყებაში.

   ცნობისთვის, სირიელი ამბოხებულების საწვრთნელი ბაზის საქართველოში განთავსების შეთავაზების შესახებ ინფორმაცია Foreign Policy-ს აშშ-ში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ დაუდასტურა.

   "ეს ჩვენი შეთავაზება იყო, თუმცა ის ჯერჯერობით მხოლოდ განხილვის სტადიაშია", - განუცხადა გეგშიძემ Foreign Policy-ს

24-09-2014, 11:45
უკან დაბრუნება