საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე გია ქავთარაძე თანამდებობიდან გადადგა. მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"საჯარო სამსახურში დაბრუნება ქართველი ხალხის საყვარელი პიროვნების და ჩემი მეგობრის, კახა კალაძისადმი მხარდაჭერის სურვილმა გადამაწყვეტინა. სამწუხაროდ, ბოლო არ უჩანს მინისტრის წინააღმდეგ მიმართულ ყოვლად უსაფუძვლო და აშკარად მიზანმიმართულ აგრესიულ კამპანიას. ახლა უკვე მეც გადმომწვდნენ, როგორც მის მოადგილეს - გაჩნდა კითხვები 2005-2007 წლებში ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებით. მე მზად ვარ, ყველა კითხვას კვლავ გავცე პასუხი. "კვლავ" იმიტომ, რომ თავის დროზე ყველაფერს ამომწურავად ვუპასუხე. ყველაფერი, რაც ბატონ კახა კალაძის წინააღმდეგ ხდება (ჩემს ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის ჩათვლით), ძალზე ხელოვნური და ანგაჟირებულია. არ მსურს, რომ ჩემს გამო კახა კალაძეს ხელი შეეშალოს იმ ბრწყინვალე კარიერაში, რაც მას წინ ელოდება. ამიტომ გადავწყვიტე თანამდებობიდან გადავდგე. სამინისტროს ყველა თანამშრომლის მიმართ გულწრფელ პატივისცემას გამოვხატავ. სამინისტროში გატარებული რამდენიმე დღე ძალზე შედეგიანი იყო. განსაკუთრებულ სიამოვნებას მგვრიდა ის ფაქტი, რომ სამინისტრო "იუსტიციის სახლშია" განთავსებული – "იუსტიციის სახლის" იდეა ხომ მე მეკუთვნის!", - აღნიშნულია განცხადებაში.