ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახი შესაძლოა ქონების გარეშე დარჩნენ. ამის შესახებ "ალიასთან" ინტერვიუში ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს. მისი თქმით, სააკაშვილის ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, შესაძლოა, 10 მილიონი ლარი დამატებითი ჯარიმა დაეკისროს.
"მიუხედავად იმისა, მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არა საქართველოში, ძიებას შეუძლია, თავისი ეტაპი წარმატებით დაასრულოს, საქმე გადაიგზავნოს სასამართლოში და განაჩენი დადგეს დაუსწრებლად. განაჩენის დადგენისას სასამართლო იმავდროულად წყვეტს ისეთ საკითხებს, როგორიც არის, მაგალითად, დამატებითი ჯარიმა, არსებობს ასევე პროცედურა უკანონოდ შეძენილი ქონების ჩამორთმევის. აქ არის ორი ვარიანტი. ერთი - შეიძლება პირს დაეკისროს ისეთი ოდენობის ჯარიმა, დამატებითი სასჯელის სახით, რომელიც აანაზღაურებს ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზარალს. ვთქვათ, სააკაშვილს მიუსაჯეს 15 წელი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება დამატებით სასჯელად მას დაეკისროს 10 მილიონი ლარი ჯარიმა. ეს აპრობირებული მეთოდია მთელ მსოფლიოში. სააკაშვილის დროსაც ასე ხდებოდა, მისი ხელწერაა და, ალბათ, ახლა მისავე მეთოდს გამოიყენებენ მის წინააღმდეგ", - აცხადებს ნიკოლაძე.