გამჭვირვალობა, ანგარიშგება, მოქალაქეთა მონაწილეობა, ტექნოლოგია და ინოვაცია – ღია მმართველობის პარტნიორობის ძირითად პრინციპებზე გაეროში გამართულ კონფერენციაზე "ღია მმართველობის პარტნიორობა" მსჯელობდნენ.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ღია მმართველობის პარტნიორობას (OGP) გამოჩენილი ნდობისთვის - საქართველოს მთავრობა შემდგომი ორი წლით OGP–ის საკოორდინაციო კომიტეტის წევრი გახდა.
"ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც ნდობის ვოტუმს საქართველოსა და იმ ძალისხმევის მიმართ, რომელიც ჩვენ გამოვიჩინეთ ქვეყანაში მმართველობის გასაუმჯობესებლად. ჩვენ მადლობელი ვართ ამ ნდობისათვის და მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საკოორდინაციო კომიტეტის მუშაობაში,"–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ღარიბაშვილმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს მთავრობის მიზნები გააცნო და ინფორმაცია მიაწოდა იმ ინოვაციური გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების, საჯარო ფინანსური ინფორმაციის გასაჯაროებასა და სახელმწიფო მომსახურების მიწოდებას შეეხება. მისივე თქმით, ერთერთი ყველაზე ამბიციური ცვლილება ინფორმაციის თავისუფლების კუთხით განხორციელდა.
"ჩვენი ერთერთი ყველაზე წარმატებული პროექტია სათემო ცენტრები. ეს არის სოფლის განვითარების კრეატიული გზა, რომლის მიზანია რეგიონალურ დონეზე მოქალაქეთა გაძლიერება და ერთი ფანჯრის პრინციპით მათთვის სახელმწიფო მომსახურების მიწოდება,"–აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა ,,ღია მმართველობა - საქართველოს" მეორე ეროვნული სამოქმედო გეგმა.