საქართველოში ორდღიანი გაცნობითი ვიზიტით ნატოს მეკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის წარმომადგენლები იმყოფებიან.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების მეკავშირე ოფიცრებს, ბრიგადის გენერალ მაიქლ ბიგოლმის ხელმძღვანელობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა გიორგი კბილცეცხლაშვილმა უმასპინძლეს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე მხარეებმა უელსში გამართულ ნატოს სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის მიმართულებებზე იმსჯელეს.
"საუბარი შეეხო ნატოს მეკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის როლს არსებითი პაკეტის ეფექტიანად განხორციელების პროცესში. განხილვის ერთერთი თემა სამხედრო განათლების კუთხით საქართველოს თავდაცვის უწყებასა და ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობას შორის არსებული თანამშრომლობა და მომავალში ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები იყო.
თამარ ქაროსანიძემ ნატოელ სტუმრებს საქართველოს სამხედრო განათლების სფეროს განვითარებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა",-აცხადებენ სამინისტროში.
საქართველოში გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მეკავშირე ოფიცრები ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისს", საჩხერის სამთო მომზადების სკოლასა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრებიან.
ნატოს მეკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის პირველი ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.