ივერიონი / თემურ შაშიაშვილი: საქართველოში სიღარიბე კი არ განახევრდა, პირიქით, გაძლიერდა!

თემურ შაშიაშვილი: საქართველოში სიღარიბე კი არ განახევრდა, პირიქით, გაძლიერდა!

   საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ქვეყანაში სიღარიბე განახევრდა, "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი ზედაპირულს უწოდებს და ამას პრემიერის ნაკლებად ინფორმირებულობით ხსნის. 

   "არ მინდა ვიფიქრო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ზერელე კაცია, მაგრამ მისი განცხადებები ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. მან ხალხის განწყობა არ იცის. სიღარიბე კი არ განახევრდა, პირიქით, გაძლიერდა და ეს ლოგიკურია, ვინაიდან ამის საფუძველი შექმნა განვლილმა 9-წლიანმა მმართველობამ. ვინც უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში სააკაშვილის შემდეგ, ამ ვითარებაში სიღარიბის განახევრებას დავით აღმაშენებელიც კი ვერ შეძლებდა", - აცხადებს თემურ შაშიაშვილი.


  მისი თქმით, დემოკრატიულ მსოფლიოში, ნებისმიერი ხელისუფლების პატიოსნება იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რამდენად გულწრფელი და მართალია ის საკუთარ ხალხთან, სწორედ ამიტომ უნდა წარმოადგინოს ხელისუფლებამ ანგარიში, თუ როგორ შეასრულა წინასაარჩევნო დანაპირები.

  "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი აცხადებენ, აშენებული ქვეყანა დავტოვეთო, ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე შეგპირდითო და ხალხი დაიბნა. თუ ყველაფერი ასე კარგად იყო და არის, მაშინ რატომ არ ვცხოვრობთ შესაბამისად კარგად? როდესაც პარლამენტში მყოფი ორი პარტიისა (ამ შემთხვევაში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის") და ხალხის ფიქრები დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში კრიზისია", -განაცხადა "თეთრების" ლიდერმა.

25-09-2014, 13:54
უკან დაბრუნება