უფლებადამცველ დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, კვესიტაძის გადაცემაში წარმოდგენილი ფარული ჩანაწერები 2012 წელს არის გაკეთებული. ლორთქიფანიძე განმარტავს, რომ ეს დადასტურებული ფაქტია, რადგან მასალა თავის დროზე, Youtube-ზე იყო ატვირთული.
"მაინტერსებს, რა ასწავლეს ქალბატონ კვესიტაძეს "ჯიპაში". რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს ის, როგორც ჟურნალისტი და რა მიზანს ემსახურება "რუსთავი-2"-ის ეს გადაცემა? თუ ფარული მოსმენების, შანტაჟის, ცილისწამების, საზოგადოების შეცდომაში განზრახ შეყვანის საკითხით უნდა კავდებოდეს ჟურნალისტი და ასეთი ავტორიტეტული კომპანია, როგორიც არის "რუსთავი 2", მაშინ მოვუწოდებ საზოგადოებას, "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის" წინააღმდეგ საზოგადოებრივი მოძრაობა დავიწყოთ და ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ ვასწავლოთ, რა სტანდარტებით უნდა ხელმძღვანელობდეს ჟურნალისტი, როცა საქმე ეხება მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხს. სოზარ სუბარის ინტერესების დამცველი არ ვყოფილვარ არასდროს, მაგრამ დღეს მე უნდა დავიცვა მინისტრი, ვინაიდან საკითხი ეხება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეს, როდესაც ერთ-ერთი ტელეკომპანია მიზანმიმართულ, მაპროვოცირებელ მოქმედებებს ეწევა, აშანტაჟებს ხელისუფლებას და ხალხის თვალში მის სრულ დისკრედიტაციას ეწევა", -განაცხადა ლორთქიფანიძემ.