ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს და "აფხაზთა კრების" მნიშვნელობას განმარტავს.
"ნამდვილად არ მინდოდა ნეგატიური თემით იმ მნიშვნელოვან აქციაზე საუბრის დაწყება, როგორიც არის 27 სექტემბერს დაგეგმილი ,,აფხაზთა კრება" თბილისში, 27 სექტემბერი მძიმე და ტრაგიკული დღეა ყველა ქართველისთვის, და ალბათ სხვაგვარად ვერც იქნებოდა...
ერთი მინდა აუცილებლად ვთქვა და მადლობა ვუთხრა ყველა იმ პატრიოტ ადამიანს - უფროს თაობას თუ ახალგაზრდობას, რომლებიც მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა (და ხშირ შემთხვევაში, რამდენადაც ვიცი ბევრი მათგანი უპარტიოა), რომ ასეთ უმნიშვნლოვანეს პოლიტიკურ აქციას უყრიან საფუძველს. ეს არის ,,აფხაზთა კრება" თბილისში და იმედი მაქვს, თუ სწორად ვივლით, ასეთი კრება შეიძლება მალე სოხუმში ჩატარდეს,
და მეორე - ეს არის სოხუმის დაცემის წინა დღეს, 26 სექტემბერს, გმირთა მოედანზე მემორიალთან, ახალგაზრდებისა და უკვე უფროსი თაობის წარმომადგენლების მხრიდან თავიანთი თანატოლების სახელებისა და გვარების გამოცხადება, რომელიც ამ აქციაში მონაწილე ახალგაზრდების თანატოლები იყვნენ მაშინ, როცა სოხუმის დასაცავად იბრძოდნენ და იმ უფროსი ასაკის ადამიანების თანატოლები, რომელთა გვერდითაც ისინი იბრძოდნენ. ყველა ეს სახელი და გვარი თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს, და იმედია, ის რასაც ვიწყებთ 26 სექტემბერს, ტრადიციად იქცევა და ყოველ წელს სახელითა და გვარით გავიხსენებთ იმ გმირებს, რომლებიც სოხუმს იცავდნენ.
ბევრი ამ აქციის მონაწილე, რომელიც ანტიპუტინური მაისურით, ხვალ, ამ მებრძოლების სახელებს გააჟღერებს, სოხუმის დაცემის დღეს დაიბადა და დღეს უკვე 21 წლისანი არიან.
წლები გადის და თუ გვინდა, როდესმე დავიბრუნოთ ჩვენი ძირძველი მიწები, ყველა თობამ უნდა იცოდეს მათი სახელები, ვინც ამ მიწებს იცავდა, თავს დებდა, სისხლს ღვრიდა... და აქ მინდა სწორედ გავიხსენო ის ნეგატივი, რომელზედაც დასაწყისში აღვნიშნე...
მე ასე გამიგია, მოღალატეები არ უყვართ მაშინ, როცა რა თქმა უნდა, შენ გღალატობენ, არც მაშინ, როცა მეგობარს ღალატობენ და არც მაშინ, როცა მტერს ღალატობენ... ყველა ჯურის მოღალატის სახელი მოღალატეა და ყველასგან დაგმობილია.
ალბათ ბევრი გამკიცხავს რატომ ასე მწარედ, მაგრამ სწორედ აი, ამ პოსტის აკრეფამდე რამდენიმე წუთით ადრე გავიგე, რომ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ხვალ მემორიალთან ევალებოდათ 4000 თავდადებული ქართველის სახელისა და გვარის გახსენება, სიის გადაცემაზე უარი დღეს ვეტერანთა დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბატონ შიხიაშვილს განუცხადებია.
არ ვიცი რა მოტივით - პოლიტიკა თუ რამე სხვა იყო ამის საბაბი, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, როცა ვიკითხე ვინ არის ის ვინც სიები არ გადმოგცათთქო, გვარი რომ მითხრეს, არც გამკვირვებია... მეტი ამ თემაზე არ გავაგრძელებ, უბრალოდ, გვერდაცს ვერ ავუვლიდი...
თუ არ ვცდები უბრძოლია... იმედია ეს უნებლიე შეცდომაა და ხვალ შევიტყობ, რომ გამოსწორდა... არცერთი ქართველი არ მემეტება ასეთი შეცდომისთვის.
და ბოლოს, მიმაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია იმ პოლიტიკური აქტის თბილისში ჩატარება, რომელიც ,,აფხაზთა კრების" სახელით ტარდება და დარწმუნებული ვარ ვერავინ და ვერაფელი მას ხელს ვერ შეუშლის.
მნიშვნელოვანია,განსაკუთრებით დღეს, როცა პუტინი უტევს აღმოსავლეთ უკრაინას და სწორედ ისე დაიპყრო ყირიმი, როგორც თავის დროზე აფხაზეთი რუსეთმა.
მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მთელი ეს ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის - ან დამარცხდება პუტინი და გავიმარჯვებთ ჩვენ - ქართელები, უკრაინელები, მოლდოველები, ან აღდგება საბჭოთა კავშირი ევრაზიული კავშირის სახით და სამუდამოდ დავკარგავთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ერთად, მთელ საქართველოს.
თუ გამარჯვება გვსურს, დროა ასეთი აქციები მომრავლდეს საქართველოში და ამ თემის გარშემო ვიყოთ ყველანი ერთიანი - ოპოზიციაც და პოზიციაც, ერიც და ბერიც... ახალგაზრდაც და უფროსი თაობის წარმომადგენელიც, ლიბერალიც და კონსერვატორიც... მთელი საქართველო ვიყოთ საქართველოსთან ერთად და არა საქართველოს ოპოზიციაში,"- წერს ბაჩუკი ქარდავა.