ივერიონი / გოგა ხაჩიძე: წინა ხელისუფლების პირობებში, არცერთ პირს, ასეთი დაბალი სასჯელი არ ჰქონია!

გოგა ხაჩიძე: წინა ხელისუფლების პირობებში, არცერთ პირს, ასეთი დაბალი სასჯელი არ ჰქონია!

  "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გოგა ხაჩიძე გირგვლიანის საქმის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ხაჩიძის თქმით, ახალი ხელისუფლების პირობებში არ დადასტურდა ოქროყანის სასაფლაოზე მელნიკოვის ყოფნის და ვერც წამების ფაქტი, თუმცა მისი თქმით, დადგინდა, რომ იქ იმყოფებოდა მეხუთე პიროვნება ვინმე ქოქიაშვილი, რომელსაც მხოლოდ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

  მისი თქმით,  წინა ხელისუფლების პირობებში, იგივე ქმედებაზე გასამართლებულ არცერთ პირს, ასეთი დაბალი სასჯელი არ ჰქონია მისჯილი.

 

  "გუშინ, შემთხვევით რადიოში მოვისმინე: გირგვლიანის საქმეზე პროცესი გადაიდოო და ა.შ.

  აქედან გამომდინარე ბუნებრივად დავინტერესდი, ახალი ხელისუფლების პირობებში გირგვლიანის საქმეზე მიმდინარე სასამართლოთი და ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინე.

  უპირველეს ყოვლისა, ინტერესს იწვევს ის, თუ ზოგადად რა ახალი გარემოებები დაადგინა გამოძიებამ საქმეზე, რომელიც "ქართული ოცნების" მხრიდან მუდმივად პოლიტიკური სპეკულაციის საგანი იყო; რა ახალი გარემოებები დაადგინა გამოძიებამ იმ პირობებში, როდესაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია, ხოლო აღნიშნულ საქმეზე "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პოლიტიკური ზეწოლა გამორიცხულია.

  ვფიქრობ, თქვენთვისაც საინტერესო იქნება გაიგოთ რა ხდება ე.წ. გირგვლიანის საქმეზე, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში.
მხოლოდ ფაქტები:

 # მიუხედავად მრავალწლიანი პიარისა, დღევანდელმა გამოძიებამ მელნიკოვის ყოფნა ოქროყანის სასაფლაოზე ვერ დაადასტურა.

 # ვერ დადასტურდა სანდრო გირგვლინის წამების და მკვლელობის ფაქტი. აღნიშნული კვალიფიკაცია დღევანდელი გამოძიების მიერვე იქნა მოხსნილი.

 # როგორც დღევანდელი გამოძიებით ირკვევა, ოქროყანის სასაფლაოზე არ ყოფილა არც 8 და არც 12 ადამიანი.

 # სამაგიეროდ დადგინდა, რომ ოქროყანაში ყოფილა მეხუთე პიროვნება ვინმე დ. ქოქიაშვილი.

  რა დაადგინა დღევანდელმა გამოძიებამ დ. ქოქიაშვილზე:
* დადგენილია, რომ სწორედ ის მართავდა ავტომობილს, რომლითაც გირგვლიანი და ბუხაიძე აიყვანეს ოქროყანაში.
* სწორედ მისი მონაწილეობით მოხდა ორივე ამ პირის ჩასმა მანქანაში და როგორც ირკვევა სწორედ ის ადგა ოქროყანაში გირგვლიანს თავზე.

 ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ქოქიაშვილი დანაშაულის ერთ-ერთი აქტიური და მნიშვნელოვანი მონაწილე იყო.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღევანდელ პირობებში, ქოქიაშვილს მხოლოდ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა(!!!)

 შეგახსენებთ, წინა ხელისუფლების პირობებში, იგივე ქმედებაზე გასამართლებულ არცერთ პირს, ასეთი დაბალი სასჯელი არ ჰქონია მისჯილი.
საუბარი იმაზე, რომ დ. ქოქიაშვილს ნაკლები შემხებლობა ქონდა ჩადენილ დანაშაულთან, ჩამოთვლილი ფაქტებიდან გამომდინარე, პირდაპირ რომ ვთქვათ - ტყუილია.

  რა დასკვნების გამოტანა შეიძლება?..." წერს ხაჩიძე.

26-09-2014, 11:24
უკან დაბრუნება