საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პიროვნება დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მუხრან ქურდაძემ, თამაზ სახურიამ, ოთარ ჩოგოვაძემ და მერაბ გვენეტაძემ დაამზადეს და მეწარმე სუბიექტზე გაასაღეს ყალბი სასაქონლო ზედნადები, თითქოს მეწარმეს დიდი ოდენობით დამუშავებული ხის მასალა მიაწოდეს. ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების სანაცვლოდ, დაკავებულებმა 11 400 ლარი აიღეს.
გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე.