თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის შესაძლო აღდგენის საკითხს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ეხმაურება.
"წინა ხელისუფლებამ გამოაჩინა გალავანი, მაგრამ საშინლად მოექცა მას. ჯერ ერთი, არ შეისწავლეს წესიერად და ძალიან ცუდად მოექცნენ. ახლაც არ უნდა განმეორდეს ის, რომ, რაც დააკლო სააკაშვილმა და უგულავამ, ის დაუმატოს ახალმა ხელისუფლებამ.
თუ ამოსავალი წერტილია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და მისი ფაქიზად მოვლა, იმის შენარჩუნება, რაც იქიდან დარჩა, მაშინ პროექტი ძალიან კორექტული უნდა იყოს",-განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, პუშკინის ქუჩაზე, შესაძლოა, ორმხრივი მოძრაობა აღდგეს. აღნიშნულ საკითხზე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომაზე იმსჯელეს.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის თქმით, აღნიშნული გზის აღდგენა, უპირველეს ყოვლისა, გონივრულ მშენებლობის ხარჯზე განხორციელდება, ისე რომ არ დაზიანდება არცერთი კულტურული მემკვდრეობის ძეგლი და ამასთან ესტაკადის გადახურვაც ისე მოხდება, რომ ყველა ძეგლი ხელუხლებელი და დაუზიანებელი დარჩება.
მისივე თქმით, პროექტის აუცილებლობა ტრანსპორტის განტვირთვისა და თბილისის ბევრ უბანში არსებული ავარიულ მდგომარეობაში მყოფი, ამორტიზირებული შენობების დაცვის მიზნით არის გამოწვეული.