რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ურთიერთობის მოგვარების, როგორც პოლიტიკის შეცვლის საშუალების შესახებ, ცინიკურს უწოდებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური. დეპუატატი განმარტავს, რომ აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების დარწმუნება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა იგი მთავარ პრობლემად ისევ რუსეთს განიხილავს.
"რუსეთი, ერთი მხრივ, მიგვითითებს კონფლიქტის მოგვარების გზებზე, აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების დარწმუნებაზე, საქართველოს იმგვარად განვითარებაზე, რომ ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი იყოს მათთვის, ხოლო მეორე მხრივ, ინტენსიურად ავლებს მავთულხლართებს, აგრძელებს ოკუპაციას და იტაცებს ადამიანებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
ძალიან მნიშვნელოვანია დარწმუნება და ის, რომ მათთან გვქონდეს ინტენსიური კონტაქტები, მაგრამ მთავარი პრობლემა არა ეს, არამედ რუსეთის აგრესია და ოკუპაციაა, რაც ჩვენ არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა",-აცხადებს წიკლაური.
ამასთან, წიკლაურის განმარტებით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ კარასინის ცინიკურ განცხადებებს უპირობოდ ეთანხმება საქართველოს ხელისუფლება.
"საქართველოს ხელისუფლებაში, როცა საუბარია კონფლიქტის მოგვარებაზე, საუბრობენ არა რუსეთის ოკუპაციაზე, როგორც შექმნილი პრობლემების ყველაზე მთავარ მიზეზზე, არამედ საუბრობენ ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე მხოლოდ. ეს კი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მთავარი და არსებითი მიზეზი იმის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ არის აღდგენილი, გახლავთ სწორედ რუსეთი. ამ პრობლემის შემქმნელის მხრიდან საუბარი და რჩევები, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება, ცინიკურია",-განაცხადა წიკლაურმა.
ცნობისთვის, კარასინმა განაცხადა, რომ მთავარია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლების დარწმუნება იმაში, რომ მათთვის, ერთ კონფედერაციაში ან ფედერაციაში ცხოვრება საქართველოსთან უკეთესია, ვიდრე დამოუკიდებლად.