საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მზარდი ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი გზა ევროპული ქვეყნების ოჯახში დაბრუნებისაკენ, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია, კულტურა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - საერთო ღირებულებები.
"აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირე. ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის მმართველობის ყველა დონეზე დღეს უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე.
მზარდი ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი გზა ევროპული ქვეყნების ოჯახში დაბრუნებისაკენ, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია, კულტურა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, - საერთო ღირებულებები. ევროკავშირთან ჩვენი ასოცირების ხელშეკრულება და NATO-ს გაწევრიანებისაკენ ჩვენი განუხრელი წინსვლა არის ამ ურთიერთობების საფუძველი და გვთავაზობს უფრო ფართო ჩართულობის გეგმას. როგორც გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა აღნიშნა ამ ტრიბუნიდან, "არ არსებობს განვითარება უსაფრთხოების გარეშე და არ არსებობს უსაფრთხოება განვითარების გარეშე". ევროკავშირთან ჩვენი ასოცირების ხელშეკრულება არის ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და საკანონმდებლო ნორმებისა და სტანდარტების ეტაპობრივი დანერგვის გენერალური გეგმა. ჩემი ქვეყანა დაადგა ფართომასშტაბიანი რეფორმების საპასუხისმგებლო გზას", - განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია შეიძლება იყოს მაგალითი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის.
"დღეს ჩვენ ვდებთ პირობას, რომ გავუზიარებთ გამოცდილებას სხვა სახელმწიფოებს, რომლებიც გადიან მსგავს ტრანზიციას. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავებასთან ერთად, ჩვენი ეკონომიკა სულ უფრო ღია და გლობალიზებული ხდება. ჩვენ ვახორციელებთ მნიშვნელოვან ინვესტიციებს და ვატარებთ რეფორმებს, რათა გზა გავუხსნათ საქართველოს ეკონომიკისა და ქართველი ხალხის სრულ პოტენციალს. დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვით და დამთავრებული ინვესტიციებით ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაში, საქართველო იქცევა 21-ე საუკუნის ეკონომიკის მქონე ქვეყანად, რომელსაც სარგებელი მოაქვს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ამ რეფორმების პარალელურად, ჩვენ მიზნად ვისახავთ გაერო-ს 2015 წლის შემდგომი პერიოდის განვითარების დღის წესრიგის შესრულებას. ჩვენ გავხდით ლიდერები მდგრადი განვითარების კუთხით, რამდენადაც ძალიან სერიოზულად ვეკიდებით რიო+20-ის შედეგებს. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა დადგინდეს ინკლუზიური და ადამიანებზე ორიენტირებული 2015 წლის შემდგომი განვითარების დღის წესრიგი. ეს დღის წესრიგი დაეთმობა ეკონომიკური სტაბილურობის, მდგრადი ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობისა და გარემოს დაცვის მხარდაჭერის საჭიროებას. ამავე დროს, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი გენდერული თანასწორობის, ქალთა გაძლიერებისა და საქართველოს ყველა მოქალაქისათვის დასაქმების თანასწორი უფლებების გაფართოება. ხვალინდელი დღე მომავალ თაობებს ეკუთვნის. ასე რომ, ჩვენი ბავშვების დაცვა და განვითარება მათი სრული პოტენციალის წარმოსაჩენად უნდა დაეფუძნოს უფრო მძლავრ ინვესტიციებს მათ განათლებაში", -აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.