უშიშროების ყოფილი მინისტრის ვალერი ხაბურძანიას განცხადებით, მოსმენების კანონიერებაზე პასუხისმგებელი მობილური ოპერატორიც უნდა იყოს.
"ნებისმიერი ადამიანი ხელშეკრულებას მობილურ კომპანიასთან აფორმებს, შესაბამისად, მოსმენების კანონიერებაზე პასუხისმგებელი სწორედ მობილური კომპანია უნდა იყოს", - განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ "კვირას" პრესკლუბში.
ფარული მიყურადების თემასთან დაკავშირებით ხაბურძანიამ მისი მინისტრობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ მხოლოდ ერთ ოპერატორს უსმენდნენ.
"ე.წ. მოსმენები, ჩემი უშიშროების მინისტრობის დროს დაიწყო და ამ საქმეში მეტნაკლებად ჩახედული ვარ. კომისიაში, რომელიც დღეს ფარული მოსმენების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს, სამწუხაროდ, ვერცერთ ექსპერტს და პროფესიონალს ვერ ვხედავ. ჩემს დროს, მხოლოდ ერთადერთი ოპერატორის, "ჯეოსელის" მოსმენა ხდებოდა. თუმცა, ოპერატორის თანხმობის გარეშე, რომელიმე აბონენტის ჩართვა შეუძლებელი იყო. ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში ოპერატორის თანხმობის და სასამართლოს ნებართვის გარეშე პირის ფარული მოსმენა არ ხდება. ე.წ. გასაღები, რაზეც დღეს არის საუბარი, ინფორმაციაზე დაშვებას ნიშნავს და ყველაზე მისაღებია, როცა მოსმენა მობილური ოპერატორის თანხმობით ხდება", - აღნიშნა უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ.
მისივე ინფორმაციით, დღევანდელი სქემით სამართალდამცავ სტრუქტურებს შეუძლია, ნებისმიერ პირს შეზღუდვის გარეშე მოუსმინოს.
"ფაქტიურად, დღეს ეს ყველაფერი უკონტროლოა. არადა, პირი ხელშეკრულებას დებს მობილურ ოპერატორთან და მოსმენების კანონიერებაზე ისიც პასუხისმგებელი უნდა იყოს" - განაცხადა ხაბურძანიამ.