ივერიონი / ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გაქურდვის ფაქტზე რამდენიმე პირია დაკავებული

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გაქურდვის ფაქტზე რამდენიმე პირია დაკავებული

  შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გაქურდვის ფაქტზე 10 პირი დააკავეს, ხოლო 1 მოქალაქეს ამავე დანაშაულისთვის ბრალი წარედგინა.

  სამართალდამცველებმა 5 პირი – 1984 წელს დაბადებული გიორგი ჯ, 1991 წელს დაბადებული გიორგი ქ, 1986 წელს დაბადებული ზვიად ბ, 1980 წელს დაბადებული გიორგი ჯ. და 1985 წელს დაბადებული გიორგი ყ. იმ დროს დააკავეს, როცა ისინი თეთრიწყაროს რაიონში, სარკინიგზო მაგისტრალის ბედენის ზეგანის მონაკვეთზე საკონტაქტო სადენებს ჭრიდნენ.

  რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ 5 პირი – 1982 წელს დაბადებული გიორგი ნ, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზაზა მ, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დავით მ, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვასილ ძ. და 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა ძ. დააკავეს, ხოლო 1987 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ლაშა ბ-ს ამავე დანაშაულისთვის წარედგინა ბრალი.

  გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე საკონტაქტო სადენები მოჭრეს და სარეალიზაციოდ ამზადებდნენ.

  კომპანიისთვის მიყენებულმა ზარალმა 52 000 ლარი შეადგინა.

28-09-2014, 18:34
უკან დაბრუნება