საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნით ნაწილს დაესწრო.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიების წამყვანმა, ფორუმის პრეზიდენტმა, პროფესორმა შვაბმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სტამბულში ჩასვლისა და ფორუმში მონაწილეობისთვის და ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოთა მეთაურების მონაწილეობის დიდი მნიშვნელობა.
"მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში მან რეგიონალური თანაშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება ერთობლივი პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე გაამახვილა. განსაკუთრებით მან ის პროექტები გამოყო, რომლებსაც საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი წარმატებით ახორციელებს ერთობლივად.
თურქეთის პრეზიდენტი გლობალური უსაფრთხოების, რეფორმებისა და სხვა ეკონომიკურ საკითხებსაც შეეხო.
მოგვიანებით, საქართველოს პირველი პირი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელით მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა პატივსაცემად გამართულ სადილს დაესწრო",-აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში.