ესეც კიდევ ერთი შაბათი, უკვე "ტკბილი ნოემბრის" ანგარიშზე. თბილისური შემოდგომა კარგ ფორმაშია – სიმწვანესაც ინარჩუნებს, მზესაც და სითბოსაც... უმრავლესობისთვის საოცნებო შემოდგომაა, ერთი სიტყვით...
უმცირესობისთვის წელიწადის დროს და სიტყვების რაოდენობას აღარც ფასი აქვს და აღარც აზრი... მაგათ ახლა ერთი დიდი გაურკვევლობა სჭირთ და არც დაჩქარებული საბუღალტრო კურსები აწყენდათ – სხვა რომ არაფერი, კომუნალური გადასახადები ხარჯში უნდა გაწერონ, ზარალში თუ დებეტში, ეგ მაინც ხომ უნდა გაარჩიონ ამიერიდან?
წლების წინათ, ამ დროს, ანუ ნოემბერში, ბებიაჩემი წიწილებს, ჩურჩხელებს და მურაბებს ითვლიდა და ახარისხებდა – "ადრედასაკლავ–შესაჭმელად" და "საკალანდედ".
ახლა ამ ჩემს ლირიულ საშაბათო –საშემოდგომო "სონეტს" თუ რომელიმე სულით, გულით ან პოსტით "ნაციონალი" კითხულობს, რა ქვეტექსტსაც ამოიკითხავს, მის ნერვებზე იყოს... გააწყალეს გული! ბებიაც ვეღარ მოგნატრებია ადამიანს მშვიდად, ჩიორამ ან გოკამ რომ რამე არ იფიქრონ და კუდი არ გამოაბან. უფრო სწორად, როგორც წესი, გოკა ფიქრობს და ჩიორა ჟივჟივებს.
რაღა უჭირდათ ბებიაჩემის მიწიკწიკებულ–მიწკრიალებულ საკუჭნაოსავით რომ ჰქონდეთ დალაგებული აზრები. დიდი ფორიაქია ხუთოსანთა გამომარგლულ რიგებში და სულ აიბურდნენ 9 წლის დაულაგებელ–გამოუცოცხავ ავგია მიშას თავლაში.
ჩვენ, თბილისელები მშვიდად ვართ, ქუთაისს რომ დაუფრთხეს სიმშვიდე, იმაზე ვნერვიულობთ და ამ გაგანია შაბათს ყავას გეახლებით, თუ მოგვიანებით უფრო ენერგოაქტიური სასმელი არ "დაგვაძალეს". ხვალ კვირაა და, ხომ იცით?!.
აქვე მინდა ერთი წმინდა ქალური კითხვა დავსვა – თქვენთანაც იმ დღეებს იძახიან უქმეებს, როცა გაუთავებლად რეცხავთ, საჭმელს ამზადებთ, სახლს ალაგებთ, აუთოვებთ და ა.შ.?
უკაცრავად, ავტომატურად ჩამერთო წუწუნის რეჟიმი... აქვე ბარემ ერთსაც დავიწუწუნებ და...
ბედი უნდა ყველაფერს... ჩვენ ძალიან ხარჯიანი შეგვხვდა ყველა – პრეზიდენტიც, მთავრობაც, პარლამენტარებიც, მათი ცოლები, შვილები, საყვარლებიც და ფანებიც კი. თბილისელებს განსაკუთრებით გაგვიმართლა, რადგან ჩვენ გიგი გვყავს – ჩვენი მეოხი, მფარველი, პატრონი და ბატონი უგულავა!
ამ დღეებში "ქალაქის" შესანახად ფული შემოჰკლებია და ითხოვს... ჰო, რა გაიკვირვეთ? ახლა ჰარამ–ხანას "ქალაქს" უწოდებენ, – პაროლია რა ასეთი...
თუ დროზე არ მომცემთ ფულსო, სულ თანამოქალაქეებზე ვიყრი ჯავრსო...
"გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის" თავმჯდომარე ლაშა ჩხარტიშვილმა კი ასე მიუგო უგულავა გიგის, – არ ვიცი პირდაპირ, როგორ დაგაპატიმრებო! მინიმუმ, 5 წლით ჩაგაყუდებ და მერე კიდევ ვნახოთო (რა თქმა უნდა, მის ტექსტში უდანაშაულობის პრეზუმპცია იყო დაცული)...
ირაკლი ალასანიამაც შეუთვალა ჯერ კიდევ პრეზიდენტ მიხეილს, სააკაშვილს, გეყო 4 ფრთით ფრენა, ორიც გეყოფა დანიშნულების ადგილამდე მისაფრენადო და იმ დანიშნულების ადგილსაც მიუთითებენ ალბათ "მფრინავს"...
რა 800 000, 80 000–იც გეყოფაო. პრეზიდენტი ხარ თუ მუქთამჭამელიო?!
მაღალი პილოტაჟის ხანაა, მიშიკოს ფანებო, ვერაფერს გააწყობთ. არ ღირს საკუთარი შეხედულებების შეზღუდვა სხვისი ჰორიზონტებით...
ხშირად შეხედეთ საკუთარ თავს გვერდიდან და, ეგებ, სხვებმაც დაგინახონ. როგორც ამბობენ, თუ ხიზილალა შავია, ცხოვრება თეთრია!.. "შავებმა" მოკითხვა შემოგითვალეს სოზარის პირით ?
"შავები" იქით იყვნენ და, რა "ჩაუშვა" ქვეყნის ახალმა პირველმა ფინანსისტმა წინა მთავრობა მიმდინარე წლის ბიუჯეტის გადახარჯვაზე რუსთავი 2–ის ლაივში!?
დიკომ და ზაალმა უცებ დაალაგეს მიმიკა... "ენატანია" ხადურის ინფორმაციით, "ანაკლიაში კაფეს მშენებლობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარია დახარჯული, "აკვა ლაზიკასთვის" კი - 17 მლნ". ბიძინამ თქვა, ანაკლიაში პორტის მშენებლობა სულაც არაა ცუდი ოცნებაო...
კასპიის ზღვაში, ხელოვნური კუნძულების ჯგუფზე, აზერბაიჯანული კომპანია მსოფლიოს უმაღლესი შენობის აშენებას რომ გეგმავს, ეგ ამბავი როგორმე დაუმალეთ სააკაშვილს, თორემ სიმწრისგან "ლოცვებს გააძლიერებს"...
ეჰ, აფსუს! ვანოს მაინც მოესწრო იმის გაკეთება ასპინძისთვის, რასაც იმსახურებდა. არ მინდა, ასე გულდაწყვეტილი გაიქცეს შვებულებაში...
გაიგებდით, ალბათ, "სილქნეტის" აბონენტები "ტაბულა"–ს უფასოდ რომ აღარ მივიღებთ, მაგრამ, კეთილმა ჩერგომ თქვა, კითხვა მაინც არ გიყვართ თქვენ და რასაც იქ დავწერ, ყველაფერს ტელევიზორში გაჩვენებთ, ბენდუსგან გადახდილიაო!
ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ ტელევიზია არ იქნება რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი."ჩვენ გვაქვს განსაზღვრული იდეოლოგია, მხარს ვუჭერთ ადამიანის პიროვნულ თავისუფლებას და სეკულარულ სახელმწიფოს"- ო, ასე ბრძანა გიგა ბოკერიას თანამეცხედრემ და ისიც დააყოლა, რომ ეს ღირებულებები შეიძლება რომელიმე პოლიტიკური ძალის ღირებულებებს დაემთხვესო.
დედა, რა დამთხვევაა!
ჩერგოლეიშვილის ლოგიკის მერე ჩვენი პრეზიდენტის ჯადოქრობასაც უფრო იოლად ვიჯერებთ. "დაიმახსოვრეთ, ჩვენ ვართ ჯადოქრები და კიდევ ბევრი სასწაული მოხდება," – თქვა მიშამ ახალი მოწვევის პარლამენტში. მაგას ჯერ კიდევ არ ეუბნებიან, რომ ჯადო ნაპოვნია?
ჰიანდრეკის მონასტრის ლამამ, შამბალის ორაკულის სახელით რომ იმალება, "ნასა"–ს, შუთვალა, 2012 წლის 21 დეკემბერს, დედამიწა, მზის სისტემასთან ერთად, გალაქტიკის "ნულოვან სარტყელს" გაივლის, დილის ათი საათიდან, პრაქტიკულად მთელ დედამიწაზე სრული სიბნელე და სიჩუმე დაისადგურებს. არ იქნება შუქი, ელექტროობა, კავშირგაბმულობა და ხმა.
თუმცა, ტიბეტელი ბერი ირწმუნება, რომ საშიში არაფერია და ეს მდგომარეობა მხოლოდ სამი–ოთხი დღე გაგრძელდება, ხოლო შემდეგ კვლავ მზის შუქი გამოჩნდება.
მოდი და არკვიე, ეგ ბუნებრივ–კოსმიური მოვლენა მიშამ შეუკვეთა ტიბეტში ბიძინას შავი პიარისთვის, თუ ბიძინამ მოისყიდა ის ვიღაც ლამა, – ეგ ამბები შენ დაიბრალეო?!
ჩვენ სიმართლეს მაინც არავინ გვეტყვის და ვნახოთ, დეკემბერიც მოვა...
რა შემოდგომაა ეს?! თხილმაც კი დაგვაღალატა, ანუ მოსავალი უხარისხო და მცირე მოგვსვლია... ბიძინას გარდა, დაპირება არავის შეუსრულებია ამ წელიწადში, თუმცა, ნაციონალები ცდილობენ, ივანიშვილს ეს დანაპირები არ ჩაეთვალოს – საკონსტიტუციო უმრავლესობას პირდებოდა ეგ ამომრჩეველსო!
სანამ ქართველები უცხოეთში გავრბივართ იმისთვის, რომ მართლა თავისუფლები ვიყოთ საკუთარ ქმედებებში, ანუ ისე ვიაროთ, ჩავიცვათ, ვჭამოთ, ვსვათ, დავჯდეთ, დავწვეთ, მოვწიოთ, დავისვენოთ, გვიყვარდეს, როგორც მართლა გვინდა და არა აქ დარჩენილ სნობთა–ბანაკს აქვს დადგენილი, დემოკრატიას ნებით შევეშვათ. სანამ თითოეული ჩვენგანი საკუთარი თავის მართვას არ ისწავლის, სხვებთანაც ნუ გვექნება პრეტენზიები. უბრალოდ, ერთხელ ეცით საკუთარ თავს პატივი და გადაიკითხეთ კონსტიტუცია, საერთოდ არ გაინტერესებთ, რა გიწერიათ ქვეყნის მთავარ კანონში საკუთარ უფლებებზე, ხალხო?
მე როგორც მოქალაქეს, მაინტერესებს , ნაციონალების დაწერილ ნორმატიულ აქტში თუ კანონში " საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში ქცევის შესახებ" ცვილებები არ შევა?
არ ღირს, მგონი, ადამიანების დაჯარიმება უადგილო ადგილას და უდროო დროს კოცნის გამო...
მასე, არც ზვიგენები მგზავრობდნენ აქამდე ნიუ–იორკის მეტროში უფასოდ, მაგრამ...
ისე, მოდი და ნუ დაიბოღმება რუსეთი! რა შებერტყილები არიან ეს ამერიკელები, – "სამყაროს დასასრულიც" კი პირველებმა იჩალიჩეს...
დაგვცინებენ უცხოპლანეტელები, აბა რა იქნება? დედამიწელებს იმის ფული არ აქვთ, რომ უწყლობისგან გადახრუკული მიწები მორწყონ, სამაგიეროდ, ყოველთვის აქვთ იმის ფული, რომ ეძებონ წყალი და სიცოცხლის ნიშან–წყალი მარსზე.
ამის მერე კი გაუჩნდებათ "გონივრული ეჭვი" და ლოგიკური კითხვა ჰუმანოიდებს – არის თუ არა გონი დედამიწაზე...
ჰუმანოიდებზე გამახსენდა, – ახლა მთავარია, შალვამ არ უჩივლოს ბიძინას სლოგანის –" მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ! " მითვისებისთვის, თორემ, თბილისის ერთი თვის ბიუჯეტმა მოგჭამათ ჭირი, სულ უკან გაიტანს თავის ინიციატივებს ლეიბებიანად და დატოვებს დედაქალაქის საკრებულოს იდეების გარეშე. ეჰ, შალვა, შალვა!.. ჯონდიც ეჰ და კიდევ რამდენიმეს მარადიული ხსოვნაა გარანტიით ჩვენს გულებში. ასეა, რას იზამ?! თავს ვერ გადაახტები. ვერც იმაზე მეტს შეძლებ, რამდენიც შეგიძლია.
მართალია, მკაცრი და შეუბრალებელი ბაზრის თუ საბაზრო ეკონომიკის უხილავი ხელი ჯერ ისევ ენერგიულად დაფათურობს ჩემს და თქვენს ჯიბეებში, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მე მინდა ტკბილი ნოემბერი, მშვიდი, უხვი და ფერადოვანი... თქვენც გინდათ, წყალი არ გაუვა..
წყლის მომარაგებაში, რატომღაც შეფერხებები გვაქვს თბილისელებს ბოლო დროს, მაგრამ, ალბათ, სერიოზული რესურსია იმაზე მიმართული, რაც წყალმა უნდა წაიღოს...
წყლის ძალა, სახედრის ამტანობა, ბავშვის გულწრფელობა, მზის სხივის ნათელი და გემრიელი შაბათ–კვირა გვქონოდეს!
ჰო, კიდევ ყავა–მშვიდობისა, დემოს!
კატო ჩულაშვილი