9 ოქტომბერს მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას აღავლენს.
9 ოქტომბერს ათონის ივერთა მონასტრიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლის საქართველოში ჩამობრძანებიდან 25 წელი სრულდება და დაგეგმილია ამ თარიღის გრანდიოზულად აღნიშვნა.
სიონში დაბრძანებულ ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლს ერთი დღით მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში დააბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას აღავლენს.
მრევლს მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატის მოლოცვა დღის ბოლომდე შეეძლება.
ათონის მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი 1989 წელს დაიწერა და საქართველოში ჩამობრძანდა. იგი სიონის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს. 1999 წლის დეკემბერში კი ოქროს პერანგში ჩასასმელად ხატი გახსნეს. მას მინა მოაცილეს, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ხატის ასლი მინაზე სასწაულებრივად იყო გადასული. მინაც სიონშია დაბრძანებული.