საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, პრეზიდენტი და პრემიერი მოილაპარაკებენ, თუ ვინ უნდა წავიდეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.
"არ ვარ ზუსტად საქმის კურსში, ვინ უნდა წავიდეს და რა დღის წესრიგია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი და პრემიერი მოილაპარაკებენ და იმის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას",- განაცხადა ძიძიგურმა.
ცნობისთვის,საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისგან მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ვიზიტზე, დელეგაციის ხელმძღვანელის საკითხი რამდენიმე კვირის წინაც აქტუალური იყო. აშშ-ში კლიმატის ცვლილების სამიტზე მიწვევა საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალური მდივნისგან მიიღო.თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით გაუგებრობა მოხდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის. საგარეო უწყების პოზიცია ასეთი იყო : ერთი ქვეყნიდან ორი დელეგაციის გამგზავრება ქვეყნის იმიჯს დააზიანებდა.
საბოლოოდ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ვიზიტი აშშ-ში ჩაიშალა. გაეროში, კლიმატის ცვლილებების სამიტს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.