საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე ეხმაურება. კობახიძის თქმით, უმჯობესია, რომ ასეთი ტიპის ფორუმებზე, პრემიერი იყოს წარმოდგენილი.
"ეკონომიკურ საკითხებში, მე ვფიქრობ, რომ მთავარი ფუნქცია მაინც, მთავარი პასუხისმგებლობა, უფრო სწორად, ეკისრება პრემეირმინისტრს. ჩემი პირადი მოსაზრება ასეთია - მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის ფორუმებზე, უმჯობესია, რომ პრემიერი იყოს წარმოდგენილი.
თუმცა, მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ შემთხვევაში პრემიერმინისტრი, ან გნებავთ, პრეზიდენტი. მთავარია, რომ ქვეყანა იყოს წარმოდგენილი სათანადოდ",-განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის,საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისგან მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ვიზიტზე, დელეგაციის ხელმძღვანელის საკითხი რამდენიმე კვირის წინაც აქტუალური იყო. აშშ-ში კლიმატის ცვლილების სამიტზე მიწვევა საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალური მდივნისგან მიიღო.თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით გაუგებრობა მოხდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის. საგარეო უწყების პოზიცია ასეთი იყო : ერთი ქვეყნიდან ორი დელეგაციის გამგზავრება ქვეყნის იმიჯს დააზიანებდა.
საბოლოოდ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ვიზიტი აშშ-ში ჩაიშალა. გაეროში, კლიმატის ცვლილებების სამიტს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.