პროკურატურა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით ბრალდებულების კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმეზე მოწმეთა ნუსხიდან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების ამოღებას ითხოვს.
დაცვის მხარის მოწმეთა ნუსხაში არიან გიორგი ბარამიძე, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მიხეილ მაჭავარიანი.
პროკურორმა რევაზ ნადოიმ პროცესზე განაცხადა, რომ აღნიშნული მოწმეების ჩვენებები საქმეს ვერაფერს შემატებს, რადგან დაკითხული პირები გამოკითხვის ოქმებში მხოლოდ ზურაბ ჟვანიას დადებით დახასიათებაზე საუბრობენ.
პროკურორებმა ასევე მოითხოვეს დაცვის მხარის მოწმეთა ნუსხიდან ვანო მერაბიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის ამოღება. თავად პროკურატურას კი, დასაკითხ მოწმეთა ნუსხაში ჰყავს: მურთაზ ზოდელავა, ნინო ქადაგიძე, გოგლა ჟვანია, თემურ ჯანაშია, ლევან ჩაჩუა, ასევე სხვა პირები. მათ შორის, გამომძიებლები და ექსპერტები.
დაცვის მხარემ კი პროცესზე დააყენა შუამდგომლობა "ჰაკიმ ფაშას" სახელით გავრცელებული ვიდეოს დაუშვებლობის თაობაზე. პოზიციების დაფიქსირების შემდეგ მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე მიიღებს გადაწყვეტილებას მხარეების მტკიცებულებების დასაშვებობაზე.