"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გოკა გაბაშვილის განცხადებით, პროკურატურას ამოჩემებული იდეა აქვს, რომ კობა ხარშილაძესა და მიშა ძაძამიას ყოფილ პრემიერთან ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით საქმე "შეუკერონ". გაბაშვილის თქმით, დაცვის მხარის მოწმეების ჩვენება მოცემულ სურათში არ ჯდება და ამიტომ სურთ, მისი საქმიდან ამოღება.
"პროკურატურას ეხლა აკვიატებული, ამოჩემებული იდეა აქვს, რომ რაღაცნაირად კობა ხარშილაძესა და მიშა ძაძამიას შეუკერონ ეს საქმე, რომ თითქოს მათი გულგრილობით და არა ვისაც იცავდნენ მისი ბრძანებით, რაღაცა გააკეთეს. ამის შესათითხნად ყველაფერს აკეთებენ, ამ გზას ადგანან და შესაბამისად გაუგონარ რაღაცეებს აკეთებენ. მაგალითად, ექსპერტი რომელსაც დასწამეს, რომ არასწორად ჩატარა ექსპერტიზა, დასწამეს YOUTUBE-ზე ატვირთული უკანონო ვიდეოების საშუალებით. ალტერნატიული ექსპერტიზაც კი არ არსებობს. ყველაფერი რაც მათ სურათში არ ჯდება, მათ შორის დაცვის მხარის მოწმეების ჩვენება, უნდათ, რომ ამ საქმიდან ამოიღონ",-განაცხადა გაბაშვილმა.
ცნობისათვის, პროკურატურა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მოწმეთა ნუსხიდან ამოღებას ითხოვს.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსის და დაცვის ცვლის უფროსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, მიხეილ ძაძამიას და კობა ხარშილაძეს სასამართლო სამსახურებრივ გულგრილობას ედავება, რაც, გამოძიების ინფორმაციით, მათი დაცვის ქვეშ მყოფის უყურადღებოდ დატოვებაში გამოიხატა.