საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ "თავისუფალი ზონისა" და "თავისუფალი თაობის" წევრებს შორის მომხდარი ინციდენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული.
ჯაფარიძის განცხადებით, ის ამ საკითხზე პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრებს.
"ოთხშაბათობით პარლამენტში გამოყოფილია განცხადებებისთვის გარკვეული დრო და ამ დროის ნაწილს გამოსვლაში ჩვენ სწორედ ამ ინციდენტს დავუთმობთ. ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტთან ერთად, რომელიც შეასრულეს შსს-ს მიერ დაქირავებულმა ადამიანებმა." - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი ზონის" და "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებს შორის წუხელ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებს მათ ოფისზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.
მანამდე კი, დაახლოებით, 20:00 საათზე, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა "თავისუფალი ზონის" ოფისთან, რის შემდეგაც, ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ ფიზიკური დაზიანებები მიიღო.