საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის იუსტიციისა და შს მინისტრებთან ერთად ვაშინგტონში ხელი მოაწერა "მინისტრთა დეკლარაციას", რომელიც ინტერნეტის საშუალებით ბავშვზე სექსუალური ძალადობის დანაშაულთან ბრძოლას ეძღვნება.
აშშ-ის გენერალური პროკურორის ერიკ ჰოლდერისა და ევროკომისარ სესილია მალმსტრომის მიერ ორგანიზებული მეორე მინისტერიალი "გლობალური ალიანსი ინტერნეტის საშუალებით ბავშვზე სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ 2014" ვაშინგტონში გაიმართა. გლობალურ ალიანსში, რომელსაც ერიკ ჰოლდერმა და სესილია მალმსტრომმა ჩაუყარეს საფუძველი, დღეს უკვე 50-ზე მეტი ქვეყანაა გაერთიანებული. მათი მიზანია, ერთად ებრძოლონ სულ უფრო მზარდ დანაშაულებრივ ქსელს, რომელიც ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალით ვაჭრობს ინტერნეტში და რომლის უკანაც, ხშირ შემთხვევაში, პედოფილთა ორგანიზებული ჯგუფები დგანან.
თავის მიმართვაში ერიკ ჰოლდერმა ამ დანაშაულთან ბრძოლისას ქვეყნებს შორის კოორდინაციისა და, ასევე, პრევენციისთვის ბავშვების განათლების აუცილებლობაზე ისაუბრა; სესილია მალმსტრომმა კი აღნიშნა, რომ გლობალური ალიანსის მიზანი წევრი ქვეყნების მიერ ეფექტური კანონმდებლობის შექმნა და ახალი დროის ამ უმძიმეს დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ ძალისხმევის გაერთიანებაა.
თეა წულუკიანის განცხადებით, მინისტერიალზე 50 ქვეყნის წარმომადგენლები იმ საკითხზე მსჯელობენ, თუ რა გზით უნდა ებრძოლონ ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას ინტერნეტის გამოყენებით. მისი თქმით, ამ ორგანიზებულ საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ქართველმა სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე გახსნეს ბერძენ, ამერიკელ და შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად. მინისტრმა ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლაში იუსტიციის სამინისტროს როლზეც ისაუბრა.
"როდესაც საქართველოს თავს შეაფარებს დამნაშავე, რომელიც ბავშვზე სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული, რა თქმა უნდა, ხდება მისი დაკავება და იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ექსტრადიციის კუთხით, ხდება მისი ექსტრადიცია დანაშაულის ჩადენის ქვეყანაში... მინისტერიალზე მიღებული იქნება დეკლარაცია, რომელშიც გაიწერება კონკრეტული პირობები მომავალი თანამშრომლობის, თუ როგორ შევინარჩუნოთ ინტერნეტისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარების პირობებში ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლის ის ეფექტიანობა, რაც გვაქვს", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ტიპის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არამარტო დამნაშავის დასჯას, არამედ მსხვერპლი ბავშვის უფლებების დაცვას, "რისკენაც საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, რადგან დანაშაულის შედეგად დაზარალებული ჯერ კიდევ არ არის რეაბილიტაციის რეჟიმში გადაყვანილი".
კონფერენცია "გლობალური ალიანსი" ინტერნეტის საშუალებით ბავშვზე სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ წელს მეორედ გაიმართა. კონფერენცია როტაციის პრინციპით ტარდება და მას ალიანსის წევრი ქვეყნები რიგრიგობით უმასპინძლებენ. ორი წლის წინ პირველი მინისტერიალი ბრიუსელში ჩატარდა.