პარლამენტის წევრებმა, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა რეჟისორ გიორგი ოვაშვილს ფილმი "სიმინდის კუნძული" დაუწუნეს. ამის შესახებ პალიტრატვ.გე იუწყება.
როგორც "პალიტრა" წერს, ფილმის ჩვენება პარლამენტის კინოდარბაზში მოეწყო. მიუხედავად იმისა, რომ "სიმინდის კუნძულის" დასრულების შემდეგ პუბლიკამ აპლოდისმენტი არ დაიშურა, კინოდარბაზის შესასვლელში რეჟისორი გააკრიტიკეს. აფხაზეთის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრებმა ჩათვალეს, რომ ფილმში აფხაზეთის პრობლემა არასწორად არის დანახული, ქართველი კაცის სახე კი უარყოფითად არის წარმოჩენილი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ ფილმში პედოფილიის ნიშნები დაინახა, მაშინ, როცა მთავარ გმირს ნავში მსხდომი ქართველი მებრძოლები შეამჩნევენ. გვაზავას მოსაზრებას დაეთანხმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკიც. დეპუტატის თქმით, ამ ასაკის ბავშვზე ამდენი აქცენტი სექსუალურ თემაზე არცერთ უცხოურ ფილმში არ უნახავს.
კრიტიკოსი დეპუტატების შეფასებით, აფხაზეთის თემაზე შექმნილი გიორგი ოვაშვილის კიდევ ერთი ფილმი "გაღმა ნაპირი" ძალიან კარგია, "სიმინდის კუნძული" კი სათქმელს სწორად არ გადმოსცემს.
ახალი ნამუშევარი მოუწონა ოვაშვილს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმა ჯაიანმა: "აქ სხვა რამე დევს, რომელიც მე მესმის".
გიორგი ოვაშვილის ფსიქოლოგიური დრამა "სიმინდის კუნძული" აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებს ასახავს. ფილმი საქართველოდან "ოსკარის" ოფიციალური ნომინანტი და კარლოვი ვარის პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალის 2014 წლის გრანპრის - "ბროლის გლობუსის" მფლობელია.