საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი რეალობისთვის“ დამფუძნებელმა და გამგეობის თავმჯდომარეს, მერაბ შათირიშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მეტად საყურადღებო პოსტი გამოაქვეყნა.
შათირიშვილი ღიად საუბრობს „ნაციონალების“ რევანშისტულ განწყობაზე და მოუწოდებს ხელისუფლებას დადგეს მოწოდების სიმაღლეზე. სხვანაირად მისი კრახიც გარდაუვალია. იგი საუბრობს რა ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების აუცილებლობაზე, როგორც თავის დროზე ერთ-ერთი დამფუძნებელი, მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გამოეყოს კოალიციას, რათა დროულად მოხდეს იქ შემავალი ლიბერალური პარტიების დასუსტება და კოალიცია დაიშალოს.
„ივერიონი“ მერაბ შათირიშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„რევანშისტული სულისკვეთება საქართველოში კვლავ მძვინვარებს და ბოროტი ძალა, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, მკვდრეთით აღდგომას ლამობს... „ნაციონალების“ მხრიდან ცინიზმისა და ხელისუფლებისთვის კვანტის გამოდების დასტურია ნიუ-ორკში, გაეროს შტაბ-ბინასთან, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ინციდენტი. ამით სახელმწიფო დააზიანეს და არა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე.
დიახ, ეს უკვე რევანშიზმია! საინტერესოა, თავად ხელისუფლება მსგავსი ინციდენტისგან როგორ აპირებს საკუთარი ღირსების დაცვას?..
რამდენჯერ უნდა ვიყვიროთ და ვიკიჟინოთ, რომ „ნაცმოძრაობა“ რევანშისტული ძალაა და მისი პოლიტიკურად განეიტრალება აუცილებელია!..
საშიშროება ახლოვდება, გუშინ „თავისუფალმა ზონამ" კუდი მოიქნია - ბედავს, გაბედა და გაბედავს მომავალშიც. რას აპირებს ხელისუფლება: ხელისუფლება ისევ ლოიალური იქნება?!
თუ გულანთებული ბიჭების ოფლისა და დაზიანებების ხარჯზე გააგრძელებს „დემოკრატიის" შენებას?! ვისი ბრალია ეს ყველაფერი?
„ნაცმოძრაობის“ რევანშიზმს, ხელს ხომ არ უწყობს „ქართული ოცნების" კოალიაციაში შემავალი, ე. წ. ლიბერალური პარტიები, რომელთა მეშვეობითაც და ფარული ლობირებითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკასა და ევროპაში „თავისიან" კაცად არ ითვლება და, პირიქით, რუსეთის კაცად მიიჩნევა?..
იქნებ, თავად „ქართული ოცნების" ხელმძღვანელთა ბრალია ეს ყველეფერი? - მათ უამრავი ერთგული და თავდადებული აქტივისტი გაანაწყენეს. უმადურება გამოავლინეს და ათასობით მედროვეს სახელისუფლო სიკეთეებით ასარგებლეს?.. „სიამის ტყუპები" მე, სწორედ, ცხვრის ქურქში გახვეული „ნაცელების“ გათეთრებისთვის და სამსახურებში დატოვება - დაწინაურებისთვის, ორი ძალის შერწყმას ვუწოდე...
ახლა, როგორ მოვიქცეთ, რევანშისტულ ძალას ისევ ჩვენ - ხალხი, გავუსწორდეთ და ძალ-ღონე არ დავიშუროთ თქვენს გადასარჩენად?.. თქვენ მერე არხეინად გააგრძელებთ „პროფესიონალი", მედროვეთა ბეწვში გამომთბარი ნაცმსახურების მომსახურებას?
გგონიათ, საჭიროების შემთხვევაში, ცხვრის ქურქს არ მოისვრიან და კვლავ მგლებად არ იქცევიან?!. ან რა ვქნათ, გზა გავუხსნათ, „ქართული ოცნების" კოალიციაში შემავალი რიგი პარტიების ამბიციებს და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნეო-ლიბერალური ხელისუფლება - აბსოლუტურად გარედან მართული მთავრობა მივიღოთ?!
ეს ყველაფერი, სადამდე მიგვიყვანს, არავინ ფიქრობს, თუ ინერციას მიჰყვება ახალი ხელისუფლება? ეს ინერცია დამღუპველია - „ქართული ოცნება" დროზე უნდა გამოეყოს კოალიციაში შემავალ პარტიებს - დიახ, კოალიცია დროზე უნდა დაიშალოს, სადაც ვიწროა - იქ უნდა გაწყდეს! მაშინ ხალხი ვის მხარეს დადგება, ყველა დაინახავს...
ნუ აიძულებთ მოსახლეობას გაორებულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ყოფნას - დროზე მოეგეთ გონს!.. საზოგადოებრივი მოძრაობის „ახალი რეალობისთვის" ხმა არ გესმით, ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე ირონიულად გეღიმებათ, ეს მაინც შეისმინეთ „ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებლისგან, რომ „ქართული ოცნების" ბრძოლით მოტანილ შედეგს ყველა ინაწილებს - დატაცებაზე არიან - გარდა ქართველი ხალხისა და ქართული ოცნების უამრავი თანამებრძოლისა და, ბოლოს, თავად „ქართული ოცნება“ არ დარჩეს იმედგაცრუებული და უმადურებით განაწყენებული... თუმცა, ეს ვასვასი, ეს ვასვასი... დამღუპველია!..