ივერიონი / ალექსი პეტრიაშვილი: მთავრობას მედიასთან სერიოზული სამუშაო აქვს!

ალექსი პეტრიაშვილი: მთავრობას მედიასთან სერიოზული სამუშაო აქვს!

  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა "ქართული ოცნების" ხელისუფლების ორწლიანი მმართველობა  შეაფასა.


  როგორც ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როგორც სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, სიამაყით შეუძლია განაცხადოს, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. საქართველომ უელსის სამიტიდან მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. მინისტრის თქმით, ეს არის გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი. როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, მიდის მუშაობა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიმართულებით.

  "ძალიან სერიოზული რეფორმები განხორციელდა ჯანდაცვის სფეროში. არის პოზიტიური ძვრები ბოლო პერიოდში ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. იყო გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორებიც. ვერ მივაღწიეთ ყველა იმ დაგეგმილ შედეგებს გასულ წელს მაგალითად. ამას აქვს თავისი მიზეზები, რომელზეც ახლა არ შევჩერდები. ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ მუშაობა ჩვენი საქმიანობის წარმოჩენის გზით და ამ მიმართულებით მთავრობას მედიასთან სერიოზული სამუშაო აქვს იმისათვის, რომ დილით, ნაცვლად ნეგატივისა, პოზიტიური განწყობა შევუქმნათ", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

  რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებს, მისი თქმით, რეალური მიღწევაა ის, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გადის რუსეთის ბაზარზე.


  "ეს კარგია, მაგრამ მე არ ვიძახი, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ის, რომ დღესაც, უახლოესი გასული თვეების განმავლობაშიც, ხდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე "ბერლინის კედლების" მშენებლობა და ჩვენი მოქალაქეების მეკობრეების სტილში გატაცება, ეს არის ყოვლად მიუღებელი, მაგრამ ეს არის რეალურად ჩვენი ხელისუფლების გამოცდა, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციებს და არ მოვახდინოთ ესკალაციისთვის ნიადაგის შექმნა", - აცხადებს  ალექსი პეტრიაშვილი.

1-10-2014, 14:23
უკან დაბრუნება