ევროსაბჭო, დღეს, საქართველოში მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშს განიხილავს. ევროსაბჭოს წევრები საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული მიმართულებებით აკრიტიკებენ, თუმცა თავიანთ გამოსვლებში არც წარმატებულ ცვლილებებს ივიწყებენ.
ევროპელმა პოლიტიკოსებმა შეშფოთება გამოთქვეს ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებთან დაკავშირებულ მოვლენებზე. "რუსთავის 2"-ის კორესპონდენტის თქმით, პარტია ALDE-ს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლება იანუკოვიჩის რეჟიმსაც კი შეადარა.
ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ აუცილებელია, ყოფილი პრეზიდენტის საქმის ძიება უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდეს. ევროსაბჭოს წევრებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ იყოს ისეთი საქმეები აღძრული, რომელზეც მას პასუხის გება მოუწიოს, თუმცა მისი მეუღლის და დედის ქონების დაყადაღების გამო ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ.
მათივე აზრით, ზედმეტად ხშირად გამოიყენება წინასასამართლო დაკავებები და მათი ხანგრძლივობა ყოველგვარ ნორმებს აღემატება. ამასთან, ევროპალამენტარები აცხადებენ, რომ საქართველო აუცილებლად გააგრძელებს პროგრესს.