„5000-მდე გაწრთვნილი მეომარი ლაოსიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან ჩემი დავალებით ჩამოვლენ თბილისში... გაუსწორდებიან ფიზიკურად ყველა „ნაცმოძრაობისა“ და მისი ფილიალის _ „თავისუფლების ზონის“ ზონდერ-მკვლელებს. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც ვერ ან არ გააკეთებს მთავრობა!“ - ასე იმუქრება მოსკოვიდან მუქარებში საკმაოდ დაოსტატებული ზაზა გაბედავა.
გაბედავას განცხადება „თავისუფალი ზონის“ და „თავისუფალი თაობის“ ცნობილ სისხლიან დაპირისპირებას მოჰყვა, რომელიც, თუ გონს არ მოვეგეთ და რამე არ მოვიმოქმედეთ, ადვილად შესაძლებელია კატასტროფული შედეგებით დასრულდეს.
განსაკუთრებით დამაფიქრებელია გაბედავას განცხადების ბოლო ნაწილი - „ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც ვერ ან არ აკეთებს მთავრობა!“
სხვათაშორის, ეს საკმაოდ ნაცნობი სიტყვებია და ამ მხრივ ბ-ნ ზაზას ავტორობის ექსკლუზიურ უფლებას ვერ მივანიჭებთ. სამწუხაროდ, ასეთი განწყობა საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში სუფევს და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, დღევანდელი ხელისუფლების უნიათობას ადასტურებს.
სახელმწიფოს (ამ შემთხვევაში ხელისუფლებას) თავისი ფუნქციები და მოვალეობები აკისრია და როცა ამ ფუნქციების შესრულების სურვილი ხალხს უჩნდება, მეტად საშიშ მოვლენასთან გვაქვს საქმე. თუ პირდაპირ ვიტყვით, სახეზეა სამოქალაქო დაპირისპირების სიმპტომები, რომელიც ხერხემალში გადატეხილ საქართველოს კიდევ უფრო დაასუსტებს და დააჩაჩანაკებს!..
ყველამ კარგად ვიცით, თუ რისთვის შეიქმნა და რა მიზანს ემსახურება ნაც-ზონდერთა საკრებულო - „თავისუფალი ზონა“, მაგრამ მისი განეიტრალება იმ ფორმით და მეთოდებით, რა ფორმებსაც და მეთოდებსაც ახალგაზრდულ-პატრიოტული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობა“ იყენებს, რომ არ შეიძლება, ცხადია.
ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ახალგაზრდების სისხლიან დაპირისპირებას ვგულისხმობ, რომელიც თავისთავად მიუღებელია, არამედ ამ დაპირისპირებით გამოწვეულ რეაქციას - საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს „ნაციონალური“ რეჟიმის მიმართ პირადი ანგარიშსწორების სურვილი კიდევ ერთხელ უჩნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო დაპირისპირების კონტურები მოხაზულია - დენთით სავსე კასრი გამზადებულია და ნაპერწკალს ელოდება. არ არის გამორიცხული, „ნაციონალებს“ ნაპერწკალიც გამზადებული ჰქონდეთ!
კიდევ ვიმეორებ: არ არის საზოგადოების ფუნქცია კრიმინალების ალაგმვა ქვეყანაში - ეს ხალხის მიერ დაქირავებულმა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს და თუ იგი არ, ან ვერ აკეთებს, მაშინ ხალხის მრისხანების მახვილი არა კრიმინალებისკენ, არამედ, ხელისუფლებისკენ უნდა მიიმართოს! სხვანაირად, სამოქალაქო დაპირისპირებას თავიდან ვერ ავიცილებთ და ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს!
რაც შეეხება ზაზა გაბედავას ფეისბუქ-სტატუსის პირველ ნაწილს, რომ მისი „დავალებით“ (მიაქციეთ ყურადღება) 5000 გაწრთვნილი ლაოსელი, უკრაინელი და ბელორუსი მეომრები ჩამოვლენ „ნაცმოძრაობის“ და „თავისუფლი ზონის“ გასანეიტრალებლად, არანაკლებ საშიში განცხადებაა. ჯერ ერთი, რატომ უნდა მივცეთ ვიღაც გადამთიელებს საქართველოს შიდა პრობლემებში ჩარევის უფლება, მეორეც, თეორიულადაც არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი სისხლი და ხორცი (მიუხედავად იმისა, დესტრუქციულ ძალას წარმოადგენენ თუ არა) სხვებს ჩავახოცინოთ!
რა თქმა უნდა, ზაზა გაბედავას მუქარა პირობითია და ამ შემთხვევაში ლაოსელი, უკრაინელი და ბელორუსი გაწრთვნილი მეომრებიც კვალის დასაფარადაა ნახსენები, მაგრამ რაღაც ჩანაფიქრი რომ არსებობს, ცხადია.
კიდევ ვიმეორებ: ქვეყანაში წესრიგის დამყარება და ზონდერ-ჯგუფების განეიტრალება მთავრობის პირდაპირი მოვალეობაა და ვიდრე აბობოქრებული ხალხი ამ მისიას საკუთარ თავზე აიღებს, მთავრობა უნდა დაფიქრდეს და გააკეთოს ის, რაც მას ევალება, თორემ ხალხის სამართალი მასაც ცუდად მოუბრუნდება!
საბა საბახტარაშვილი