დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ თავისი ახალი მოადგილე სანდრო ბრეგაძე წარადგინა. როგორც დუმბაძემ აღნიშნა, სანდრო ბრეგაძე სამინისტროში მედიამიმართულებას და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს უხელმძღვანელებს.
"სანდრო ბრეგაძე საზოგადოებაში ცნობილია, როგორც ქვეყნისთვის პრინციპული მებრძოლი და ძალიან კარგი პროფესიონალი. ვფიქრობ, მედიასთან ურთიერთობა, საჯარო შეხვედრები, პიართან დაკავშირებული საკითხები მეტ ყურადღებას მოითხოვს. ბატონ სანდროს ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს და კანდიდატების ხანგრძლივი შერჩევის შემდეგ გადავწყვიტეთ მის კანდიდატურაზე შეჩერება სწორედ მისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე", - განაცხადა გელა დუმბაძემ.
ბრეგაძის თქმით, დიასპორის საკითხები უმნიშვნელოვანესი სფეროა. რაც შეეხება კონკრეტულად იმ სფეროს, რომელსაც ის გაუწევს კურირებას, ბრეგაძის განცხადებით, მას წლების განმავლობაში ამ კუთხით უწევდა მუშაობა.