კასპის საკრებულოსა და გამგეობაში ცვლილებებია მოსალოდნელი. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ოლეგ იაძეს, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარედ – ხათუნა თათანაშვილს მოაზრებენ. იაძე კასპის მაჟორიტარი დეპუტატის დავით ონოფრიშვილის კანდიდატია, ხოლო ხათუნა თათანაშვილი – "რესპუბლიკელების".
ხათუნა თათანაშვილის თქმით, საკრებულოში კოალიცია "ქართული ოცნების" ფრაქცია უკვე შეიქმნა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში კასპის გამგებლის პოსტზე მოაზრებული ოლეგ იაძე კი გამგეობაში გასახორციელებელ ცვლილებებზე საუბრობს:
"შეიცვლება რაიონის ყველა ხელმძღვანელი პირი, ამავდროულად 17-ვე ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულიც შეიცვლება. ასევე მოიხსნებიან თანამდებობებიდან უღირსი სკოლის დირექტორები. ყველა სფეროს ღირსეული ადამიანები უხელმძღვანელებენ", – აცხადებს ოლეგ იაძემ.
კასპის მუნციპალიტეტის საკრებულოში დეპუტატები გარდაუვალ ცვლილებებზე უკვე აქტიურად საუბრობენ, თუმცა ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, თუ ვის გადააბარებენ საკრებულოს თავმჯდომარის დავით მესროფაშვილის თანამდებობას. საკრებულოს თავჯდომარე საკრებულოს წევრებიდან უნდა აირჩეს. ხათუნა თათანაშვილი საკრებულოს წევრია რესპუბლიკური პარტიიდან.