საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ისეთ მძიმე დანაშაულებში ბრალდებული პირი, როგორიც ბაჩო ახალაიაა, წინასწარ პატიმრობაში უნდა იყოს.
"მე კიდევ გიმეორებთ, არც ერთ პროცესს არ დაუტოვებია პასუხგაუცემელი კითხვა. თუნდაც ახალაიას საქმეში პროკურატურა არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, გამჭვირვალედ მიმდინარეობს გამოძიება და მე შეგახსენებთ, რომ ახალაია არის ბრალდებული ისეთ მძიმე დანაშაულებში, როგორიცაა ადამიანის წამება და არა მხოლოდ ეგ საქმე. ეს არის მსოფლიო სტანდარტი და მე ამაზე პასუხისმგებელი ვარ, რომ, როდესაც ადამიანი არის ბრალდებული ასეთ მძიმე დანაშაულებში, ის უნდა იყოს წინასწარ პატიმრობაში და ეს არ არის მხოლოდ ერთი საქმე. აქვე შეგახსენებთ, რომ ახალაიას დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში მიესაჯა პატიმრობა, უბრალოდ, ის შეიწყალა სააკაშვილმა. ასე რომ, ეს ჩანაწერი - 9 თვე, გადაცდა- არ გადაცდა - რა თქმა უნდა, ეს არის ისევ "ნაციონალური მოძრაობის" მცდელობა და EPP-ის სოლიდარობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას წინასწარ პატიმრობაში დაყოვნების შესახებ ჩანაწერია გაკეთებული.