სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს:
"დღეს, 4 ოქტომბერს, ყურბან-ბაირამის დღესასწაული დაიწყო. ჩვენს მუსლიმ მოქალაქეებს, ტრადიციისამებრ, ვულოცავ ყურბან-ბაირამის დადგომას, ვუსურვებ ბედნიერებას, მშვიდობასა და სიხარულს, მაგრამ, ამასთან ერთად, თანადგომას ვპირდები იმ გამოწვევების დაძლევის საქმეშიც, რასაც საქართველოში მცხოვრები ჩვენი მუსლიმი დები და ძმები აწყდებიან!
ამ დღეებში მთელი ისლამური სამყარო ადამიანის სიცოცხლის, მისი ხელშეუვალობისა და უმაღლესი პატივის რელიგიურ აღიარებას აღნიშნავს, რადგან ამ დიდი დღესასწაულის არსი ადამიანის მსხვერპლად შეწირვის აკრძალვასთან არის დაკავშირებული. ამასთანავე, ყურბან-ბაირამი ქველმოქმედების იდეისა და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის ზეიმიცაა. ჭეშმარიტი ღვთისმოსავი არის ის, ვინც მზადაა, დახმარების ხელი გაუწოდოს, საკუთარი საზრდო-საბადებელი, რელიგიური კუთვნილების განურჩველად, უწილადოს მას, ვისაც ეს ესაჭიროება", - ნათქვამია მილოცვის წერილში