ივერიონი / საბა სუთიძე: პოზიტიურ მესიჯად უნდა ჩაითვალოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია!

საბა სუთიძე: პოზიტიურ მესიჯად უნდა ჩაითვალოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია!

  "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და საკონსტიტუციო სამართლებრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკითხები შეაფასა.

  მისი თქმით, ასოციაცია ეთანხმება ასამბლეის რეკომენდაციას სახელმწიფო კომისიის ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნული განცხადება იურისტმა საბა სუთიძემ  დღეს "რეპორტიორის" პრეს-კლუბში გამართულ კონფერენციაზე გააკეთა .  

     
  "საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საუბარია საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე. ასოციაცია ეთანხმება ასამბლეის რეკომენდაციას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობის შესახებ.

  ვიმედოვნებთ, რომ საკონსტიტუციო კომისია არამარტო ითანამშრომლებს ვენეციის კომისიასთან, არამედ, გაითვალისწინებს კიდეც მის რეკომენდაციებს კონსტიტუციური კანონის პროექტის შემუშავებისას. რაც მთავარია, ვენეციის კომისიის დასკვნები და რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს საკანონმდებლო ორგანომ, რომელიც საბოლოოდ წყვეტს კონსტიტუციური კანონის მიღების საკითხს.
 
  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თავის რეზოლუციაში ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტმა უნდა შეამციროს მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა, იმისათვის, რომ ეს რეგულირება შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს. მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა ემსახურება სასამართლო სისტემაში მხოლოდ კვალიფიციური და პროფესიონალი მოსამართლეების შენარჩუნებას. ამავდროულად, მოსამართლეთა უვადოდ დანიშნვა უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, ხოლო უვადოდ დანიშვნამდე მოსამართლეთა განსაზღვრული ვადით დანიშვნა შესაძლოა, ზრდიდეს მათი საქმიანობის შემფასებელ ორგანოზე დამოკიდებულების ხარისხს. ასოციაცია მიიჩნევს, რომ, ამ ეტაპზე მიზანშეწონილია უვადოდ დანიშვნამდე მოსამართლეთა 3 წლით თანამდებობაზე გამწესება, მხოლოდ იმ პირობით, თუკი მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები უზრუნველყოფენ მოსამართლეთა პროფესიონალიზმსა და კვალიფიციურობაზე მაქსიმალურად რეალისტური წარმოდგენის შექმნას. რაც მთავარია, აღნიშნული კრიტერიუმები რეალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული  მოსამართლეთა საქმიანობის შეფასებისას.

  საპარლამენტო ასამბლეა გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩანა ახალაიას  წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობის საკითხს. ასოციაცია განმარტავს, რომ ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის, მაქსიმუმ, 9-თვიანი ვადა, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი განსაზღვრავს, ეხება ერთი ბრალდების საფუძველზე პირის წინასწარი პატიმრობის შემთხვევას. ახალი ბრალდების წაყენების საფუძველზე პატიმრობის შეფარდებისას, პატიმრობის ვადის ათვლა თავიდან იწყება, რის შედეგადაც, შესაძლოა, ერთი პირის წინასწარი პატიმრობის ვადამ 9 თვეს გადააჭარბოს. ამრიგად, ბაჩანა ახალაიას მიმართ არ ირღვევა კონსტიტუციის ნორმის ფორმალური მოთხოვნა. რაც შეეხება პატიმრობის გამოყენების მიზანშეწონილობას, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა, პროკურატურის შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, სასამართლოს უფლებამოსილებაა. სწორედ მან უნდა შეაფასოს, არსებობს თუ არა პატიმრობის, როგორც უკიდურესი ღონისძიების, გამოყენების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

  მიგვაჩნია, რომ პოზიტიურ მესიჯად უნდა ჩაითვალოს  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია  ღია საარჩევნო სიებით რეგიონული პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით.  რეგიონული პროპორციული საარჩევნო სისტემის არსი ისაა, რომ საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე უნდა შეიქმნას რამდენიმე მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, რომლებშიც პოლიტიკური პარტიები წარადგენენ პარტიულ სიებს.

  რაც შეეხება ღია საარჩევნო  სიებს, ამ ინსტიტუტის დანერგვა სიახლე იქნება ქართულ სამართლებრივ სივრცეში და ხელს  შეუწყობს ამომრჩეველთა მიერ საკანონმდებლო ორგანოს პირად შემადგენლობაზე გავლენის მოხდენას. კერძოდ, ღია პარტიული სიის შემთხვევაში, ამომრჩეველი ხმას აძლევს პარტიულ სიას და თავადვე განსაზღვრავს,  სიაში შემავალი კანდიდატებიდან, პირველ რიგში, ვისი არჩევა უნდა საკანონმდებლო ორგანოში, რაც ამცირებს არაკომპეტენტური პირების არჩევის შესაძლებლობას. ამრიგად, ღია პარტიული სიის შემოღება ამომრჩევლის ხელში საარჩევნო ბერკეტების გაზრდას ითვალისწინებს და დადებითად უნდა შეფასდეს", - განაცხადა ,,ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის" იურისტმა საბა სუთიძემ.

4-10-2014, 15:56
უკან დაბრუნება