"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაგეგმილ ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად მზადყოფნა გამოთქვა პროკურატურამ. ამის შესახებ, ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა თბილისის პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა.
"ჯერჯერობით მოვახერხე ძალიან მცირე ნაწილი მენახა მასალისა, დაახლოებით, 6 დიდი ტომია. ექსპერტები და ადვოკატები ახლაც იმყოფებიან შენობაში და აგრძელებენ სამუშაოს. პირველადი პოზიცია, პროკურატურის გამომძიებლებისა იყო ის, რომ მზად არიან ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ ისედაც გვქონდა ჩანიშნული ორი ექსპერიმენტი, რომელსაც მიებმება ეს ახალი ფორმა თუ მეთოდი და ვნახოთ, რა შედეგები იქნება", - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.
ექსპერიმენტის ჩატარებას საჭიროდ მიიჩნევს დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი და მიიჩნევს, რომ იგი პასუხს გასცემს შეკითხვას, კიწმარიშვილმა თავი მოიკლა, თუ მოკლეს.
კიწმარიშვიის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების საქმის მასალების გაცნობა ზურაბ კიწმარიშვილმა და მისმა ადვოკატმა დღეიდან დაიწყეს.