"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" შესაძლოა, იუსტიციის უმაღლე საბჭოს იმ მოსამართლის წინააღმდეგ საჩივრით მიმართოს, რომელმაც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის არასრულწლოვანი ძმის საქმე განიხილა.
როგორც კახა კოჟორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქმე ეხება მოსამართლის მიერ პროცესზე ნათქვამ ფრაზას.
"ჩვენ ვაზუსტებთ ნიკა გვარამიას მიერ მოწოდებულ ინფორმაციას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიერ პროცესზე ნათქვამ შემდეგ ფრაზასთან დაკავშირებით: "იმედია, არავინ იტყვის, რომ დაკავებულს ტაქსის მძღოლი ჩაუდეს". მე ვესაუბრე "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტსაც, რომელიც პროცესს ესწრებოდა და მანაც დაადასტურა, რომ ასეთი ფრაზა ნამდვილად ითქვა. ჩვენ ვაზუსტებთ, ეს მართლაც არის თუ არა ასე და აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, აღნიშნული მოსამართლის მიმართ დისციპლინური სახდელის დაკისრების მოთხოვნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მივმართოთ. მოსამართლე კანონის თანახმად, უნდა იყოს აბსოლუტურად ნეიტრალური პირი და მით უმეტეს ასეთ სენსიტიურ საქმეებზე არასრულწლოვანის ინტერესებიდან ამოდიოდეს. აბსოლუტურად მიუღებელია, როცა მოსამართლე ასეთ ცინიკურ დამოკიდებულებას ამჟღავნებს კონკრეტული ბრალდებულის მიმართ. მოსამართლე, რომელსაც ირონიისთვის, ცინიზმისთვის სცალია, ასეთი ტიპის საქმეების განხილვის დროს, არ იმსახურებს მოსამართლეობას. ამიტომ ჩვენ ამ საკითხს გავარკვევთ. უკვე ვთხოვეთ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს, რომ ადვოკატის მეშვეობით გამოითხოვონ სასამართლოს სხდომის ოქმი", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
კახა კოჟორიძე პრემიერ-მინისტრის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და ირაკლი ღარიბაშვილი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში დაადანაშაულა.
"საქართველოს კონსტიტუცია ნათლად განსაზღვრავს, რომ პირი დამნაშავეა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა გამამტყუნებელი განაჩენი. მოცემულ შემთხვევაში "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის ძმის მიმართ არსებობს მხოლოდ პირველი ინსტანციის და აპელაციის განჩინებები აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებასთან დაკავშირებით და არა - განაჩენი, ანუ სასამართლოს ამ ეტაპზე არა თუ გამამტყუნებელი განაჩენი არ გამოუტანია, მსჯელობაც კი არ დაუწყია საქმის შინაარსთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში პრემიერ-მინისტრის მხრიდან პირის მოხსენიება დამნაშავედ, რომელმაც დააყაჩაღა ორი ტაქსის მძღოლი, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა. გარდა ამისა, ჩემთვის გაუგებარია შემდეგი გარემოება – პრემიერ-მინისტრმა იმის დასადასტურებლად, რომ სასამართლო არის თავისუფალი, მოიყვანა ის მაგალითი, რომ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის ძმას სასამართლოს პირველმა ინსტანციამ არ შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია, როგორ შეიძლება კონკრეტული პირისთვის პატიმრობის შეფარდება-არშეფარდების საკითხის მიხედვით განვსაზღვროთ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი, მით უმეტეს, ეს გაუგებარია იმ ვითარებაში, როცა ვიცით, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება გირაოს შეფარდების თაობაზე და დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა. მაშინ, პრემიერისვე ლოგიკით, გამოდის სააპელაციო სასამართლო არ არის თავისუფალი, რადგან მან პირის მიმართ წინასწარი პატიმრობის შეფარდების განჩინება დააყენა", - განაცხადა კოჟორიძემ.