მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილს უგზავნის.
აღნიშნულ წერილს "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ:
"ბატონო პრემიერ-მინისტრო!
ჩვენ დაახლოებით წლინახევრის წინ შევხვდით პირველად ერთმანეთს და შემდეგ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა თქვენს შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში. აქ ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ორმხრივი თანამშრომლობა გვექნებოდა: ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და თქვენ, მთავრობას შორის.
მას მერე ჩვენ სერიოზული სამუშაო გავწიეთ საქართველოში ძალადობის ალტერნატივის მონახვის ხაზით. ქვეყანაში ჩამოყვანილი გვყავდა ოსლოს მშვიდობის ინსტიტუტის დამაარსებელი და მშვიდობის მეცნიერების მამა, ცნობილი ნორვეგიელი მეცნიერი იოჰან გალტუნგი, ამერიკის ყოფილი ელჩი გაეროს განიარაღების მოლაპარაკებებზე და მრავალ-არხიანი დიპლომატიის კონცეპტის ავტორი ჯონ მაკდონალდი, მაჰათმა განდის ინდოეთის ფონდის და ექტა-პერიშადის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, რაჯა-გოპალ პიუი, ჩავატარეთ მშვიდობისა და სიყვარულის ფესტივალი ბევრი საგანმანათლებლო ღონისძიებით.
მთლიანობაში ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი საგანმანათლებლო პროექტი განვახორციელეთ. თქვენი მთავრობისგან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გვქონდა გარკვეული ფინანსური მხარდაჭერა, რომლებითაც ეს პროექტები განხორციელდა და ახალი გეგმებიც დაისახა. ამაზე გულწრფელად მადლობას მოგახსენებთ.
მთავრობის სხვადასხვა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერის გარეშე (და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი საერთო მეგობრის ლევან ყიფიანის და მისი სამინისტროს და ახალგაზრდული ფონდის წვლილი ამ საქმეში) ეს პროექტები ნამდვილად ვერ განხორციელდებოდა.
ჩატარდა რამოდენიმე კონფერენცია, რომელიც იარაღის კონტრაბანდას, აფხაზებთან და ოსებთან შერიგებას, გარემოს დაცვის პრობლემებს, ახალი ინკლუზიური ეკონომიკური მოდელების ფუნქციონირებას და ამოქმედებას შეეხებოდა. მოწვეული გვყავდა მრავალი კომპეტენტური პირი (არ მიყვარს არაფრისმთქმელი სიტყვა ექსპერტის ხმარება - რადგან ექსპერტი არაფერს ნიშნავს სინამდვილეში - ჩვენ უმაღლესი პროფესიონალები გვყავდა, რომელიც ექსპერტზე გაცილებით მეტია) და მათ საკუთარი პროგრამები შესთავაზეს მთავრობას.
ეს იყო მშვიდობიანი კავკასიის და საქართველოში არაძალადობრივი სახელმწიფოს შექმნისათვის კომპრეჰენსიური ხედვები, რომელთაც პოლიტიკური ნების გამოვლენის შემთხვევაში, დღესაც შეუძლია მოიტანოს დიდი დივიდენდები მთელი ქვეყნისათვის.
მაგრამ, სამწუხაროდ ჩვენს შორის მალევე აღიმართა არაკომპეტენტურობის ბარიერები. ყველა ეს მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტი დაბლოკილ იქნა საქართველოში ჩამოსვლისას - ერთ-ერთი მათგანის ჩამოსვლის ამბავი რომ გაიგო ბიძინა ივანიშვილმა, უკანასკნელი სიტყვებით გამოლანძღა საკუთარი სტაფი იმისათვის, რომ არ ანახეს ჯონ მაკდონალდი.
ჩვენ ისევ და ისევ იმედის თვალით ვუყურებდით მომავალს. ვფიქრობდით, რომ მთავრობა მოიცლიდა იმისათვის, რომ საკუთარი ხედვა გამოემუშავებინა და არ გაეგრძელებინა ნაციონალური მოძრაობის მიერ რკინის ხელით აღსრულებული ნეოლიბერალური პოლიტიკა.
ჩვენ ხომ ამ პროექტების განხორციელება იმისათვის გვინდოდა, რომ ქვეყნის პოლიტიკის ჰუმანიზაცია მომხდარიყო და ის ნეოლიბერალურ-პოლიციური სახელმწიფოდან გადაქცეულიყო ადამიანზე ორიენტირებულ საზოგადოებად. სამწუხაროდ, დღეისათვის უნდა ითქვას, რომ ეს ჯერჯერობით არ მომხდარა და ახლავე მოგახსენებთ რატომ.
მოგეხსენებათ, თანამედროვე ნეოლიბერალიზმს ორი სახე აქვს: კონსერვატიული და ლიბერალური. კონსერვატიული ნეოლიბერალიზმის მაგალითები არიან ჩილელი დიქტატორი აუგუსტო პინოჩეტი და პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი. ისინი გამოირჩეოდნენ ხისტი მიდგომით, ,,სიკვდილის ესკადრონებით'', ტერორის მაღალი დონით იმისათვის, რომ მათი ქვეყნების მცირე ფინანსური ელიტის ინტერესები დაეცვათ და საწყისშივე ჩაეკლათ ნებისმიერი სახალხო მოძრაობა.
მათ მოახერხეს უამრავი ადამიანის წამება თუ განადგურება, თუმცა ორივე მათგანს საკმაო რაოდენობის მომხრეები დღესაც ჰყავს. ხისტი და კონსერვატიული ნეოლიბერალიზმის მიმდევრები დღესაც მრავლად არიან სხვადასხვა მიზეზის გამო. ასეთივე ხაზის გამგრძელებელი იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საკმაოდ ნიჭიერად და მოხერხებულად ასრულებდა მულტი-ნაციონალური კორპორაციების თუ სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის დაკვეთებს.
უნდა ითქვას, რომ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა საკმაოდ დიდი და ძლიერი პროპაგანდის და ტვინის რეცხვის მანქანა შექმნეს, რომლის ნარჩენები საქართველოში დღესაც განსაზღვრავენ დისკურსს. ამის მიზეზი ნაწილობრივ ისაა, რომ ახალი მთავრობა მათგან განსხვავებულ სოციალ-ეკონომიკურ მოდელს ვერ დებს მაგიდაზე და გარკვეულად უსუსურად გამოიყურება იდეოლოგიურ ნაწილში.
იდეა ახალი მთავრობის უკან არ ჩანს. უფრო მეტად ის ჩანს, რომ ისინი აგრძელებენ სააკაშვილის ნეოლიბერალურ პოლიტიკას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ საკუთარ თავს ,,კარგ ბიჭებად'' და ,,კარგ გოგოებად'' თვლიან.
ხისტი კონსერვატიული ნეოლიბერალიზმისგან განსხვავებით, არსებობს ეგრეთწოდებული სოფტ პოწერ (რბილი ძალა) ლიბერალური ნეოლიბერალიზმი. დიდმა ამერიკელმა საზოგადო მოღვაწემ მალკოლმ ექსმა თავის დროზე კარგად თქვა ამერიკელ ლიბერალებზე: ,,სჯობს კონსერვატორ მგლებთან გქონდეს საქმე, ვიდრე ლიბერალ მელიასთანო''.
ამის მიზეზი ის იყო, რომ მაშინ ამერიკელი ლიბერალები, მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალიზმს ადამიანურ სახეს აძლევდნენ, მაინც ბანკების და მდიდრების ელიტის ქვეშევრდომებად რჩებოდნენ და ხალხზე - დემოსზე - მაინც არ ფიქრობდნენ. დღევანდელი ლიბერალი ნეოლიბერალები სწორედ ასეთ პოლიტიკას ახორციელებენ.
მათ სულ არ აინტერესებთ, რომ 100 ათასზე მეტ ოჯახს ბანკები და მევახშეები სახლიდან აგდებენ და უსალკაროდ ტოვებენ. გარეული და ველური კაპიტალიზმი ხომ მევახშეების სისტემაა და არა ხალხის. აქედან გამომდინარე, ჩვენი ლიბერალები ყურსაც არ იბერტყავენ ბევრი ქართული ოჯახის უბედურებაზე, რომელსაც ეს ვალი ხშირ შემთხვევაში იძულებით დაადეს.
,,ქართული ოცნების'' მთავრობამ საკუთარი სიტყვა არ შეასრულა, როცა იპოთეკარების მსხვერპლებს დაპირდა, რომ იქნებოდა ხალხისათვის იძულების გზით შეტენილი ვალების ჩამოწერა ან გაყინვა.
თქვენ შეიძლება არ იცით ამის შესახებ და ეს ხალხი ისე უბედურების წინაშეა. დაახლოებით 100 ათასი ოჯახი, ეს პატარა საქართველოსათვის დიდი ციფრია. რა უნდა ქნას ამ ხალხმა? არადა, ძალიან კარგად დაისახა გამოსავალი ამ მდგომარეობიდან ჯერ კიდევ შარშან ჩვენი კოლაბორაციული მუშაობით. მაგრამ, ერთი ხელის გადასმით მოხდა ამის გაუქმება და უაზრო მემარჯვენე იდეოლოგიით იმის გამართლება, რომ კაპიტალიზმი თურმე მევახშეების სისტემა ყოფილა. გვინდა ჩვენ მევახშეების და ქვეყნის გამყიდველების საქართველო, ჩემო ირაკლი? მე იმედი მაქვს, რომ ისევე როგორ მე, შენც არ გინდა.
ასევე ნეოლიბერალური აღმოჩნდა ახალი მთავრობის პოლიტიკა საყდრისის ტაძართან დაკავშირებით. წამყვანი უცხოელი მკვლევარების მიერ დადგენილ იქნა ჩვენი ქვეყნისათვის უდიდესი საგანძური - ის, რომ ქართველებს ყველაზე ძველი და გამორჩეული ოქრომჭედლობა ჰქონდათ.
მაგრამ ასეთი საამაყო ამბის ხელისშეწყობის მაგივრად ახალმა მთავრობამ ძველი, ნაცისტური ხელისუფლებისგან გადმოიბარა რუსი ,,ინვესტორის'' გენერალოვის პარტნიორობა და ისევე უსინდისოდ გააგრძელა საყდრისის ნგრევა, როგორც ამას ნაცები აკეთებდნენ. გენერალოვის ბიზნეს-ამფსონების ქვეყანა გვინდა, ჩემო ირაკლი?
მე იმედი მაქვს რომ შენ, ჩემი არ იყოს, არ გინდა ეს და ადრე თუ გვიან ხმას ამოიღებ და ვერავინ გაიძულებს, რომ გაი-სუს-ო ანუ გაჩუმდე ამ უბედურებაზე. შენ ნიჭიერი ახალგაზრდა ხარ და ნეოლიბერალიზმზე უფრო შენი ქვეყანა გიყვარს - მე ამის მჯერა. თუ არადა, მაშინ რა სხვაობაა ჩვენსა და ნაცებს შორის?
იგივე ეხება ხუდონ-ჰესის მშენებლობას. იქაც რუსი ,,ინვესტორების'' და მათი ქართველი ,,პარტნიორ-ინცესტორების'' მოგების გულისათვის საქართველოს უძველეს კუთხეს, სვანეთს დიდი საშიშროება ელოდება. ესეც ნაცისტური პროექტია, რომელსაც რატომღაც ,,ოცნებამ'' ასევე მარდად აუბა ფეხი - ის ოცნება რა ოცნებაა, ხუდონის დანგრევაზე რომ ოცნებობს და მთელი ქართველი ერის ნების წინააღმდეგ მიდის?
ხუდონის აშენების წინააღმდეგ მერაბ კოსტავადან დაწყებული ზვიად გამსახურდიათი გაგრძელებული, ნაირა გელაშვილით და მთელი შეგნებული ქართული საზოგადოებით დამთავრებული, ყველა გამოდიოდა და ვინც ცოცხალი დარჩა, გამოვა.
ვიღაც რუსი მონათმფლობელი ,,ინვესტორის'' ინტერესებს ვერ დავუთმობთ ჩვენს ქვეყანას და იმას, რისთვისაც 25 წელი ვიბრძოდით.
რატომ გრძელდება ნაცების დანაშაულებრივი პოლიტიკა ხუდონთან დაკავშირებით? რატომ არ დაუსვამთ წერტილს ამ დანაშაულებრივ პროექტს, რომელიც ქვეყანას დაღუპავს?! ირაკლი, იმედი მაქვს, რომ შენც პატრიოტი იქნები და არც ამაზე გაი-სუს-ები, იმიტომ, რომ ხალხი ნამდვილად არ გაისუსება და არც გაჩუმდება. დროა, ვიმოქმედოთ ერთად და მოვძებნოთ ჯანმრთელი ალტერნატივა დამაგრეველი პროექტებისა.
9 წელი მთელი შეგნებული საქართველო ებრძოდა მიშა სააკაშვილის პოლიციურ სახელმწიფოს - სამხედრო ნეოლიბერალიზმს, სადაც უბრალო მოქალაქე არაფერს ნიშნავდა და ყველაფერს მდიდარი კორპორაციები და მათი დამცველი პოლიციელები განაგებდნენ. ეს ბრძოლა პირადად სააკაშვილის ან მერაბიშვილის წინააღმდეგ კი არ იყო.
ჩვენ გვინდოდა, სანდრო გირგვლიანის მკვლელები დასჯილიყვნენ იმისათვის, რომ საქართველოში აღარ ყოფილიყო ძალადობრივი სახელმწიფო. ტყუილს ამბობს ის, რომ ძალადობის ალტერნატივა სახელმწიფოს არ აქვსო. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ასწავლიან ამ ალტერნატივას და წარმატებულადაც.
ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის პერიოდში გარკვეული დათბობა ნამდვილად იყო. თუმცა, ახლა სიტუაცია ნელ-ნელა ცუდისაკენ იცვლება. საზოგადოებაში იზრდება ძალადობა - და შეიძლება, ის სტატისტიკით არ აღემატება ნაცების ძალადობის დონეს, მაგრამ დამიჯერეთ, ეს არ არის კომპლიმენტი.
ნაცების ძალადობის დონე ყოველ ზღვარს იყო გადასული და ვინმე თუ იმით იამაყებს, რომ 1 ან 2 კაცით ნაკლები მოვკალიო, თავს ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდებს. ძალადობა დღესაც ჩვენი საზოგადოების ფუნდამენტური პრობლემაა.
მიუხედავად იმისა, რომ ვანო მერაბიშვილი ციხეშია და სააკაშვილზე ძებნა გამოცხადდა, ბევრი ადამიანის ცნობიერებაში ნაცისტური რეჟიმი, შედარებით შერბილებული ვარიანტით გრძელდება ყოველ იმ შემთხვევაში, როცა უდანაშაულო ადამიანს კლავს პოლიციელი ან ციხეში პატიმარს სცემენ.
არაძალადობის პროგრამები დღეს მასიურად არის - ჩვენ ჩვენი დაპირება შევასრულეთ - მოვაწყვეთ რამდენიმე კონფერენცია არაძალადობის წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით - მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტების მონაწილეობით - მაგრამ ვინმემ გამოიბერტყა ყური? რაღაც არ ეტყობა საქმეს ეს. იქნებ ვცდებოდე და ხვალვე მოხდეს ეს.
ჩვენ გვქონდა კარგი შეხვედრა ლევან იზორიასთან, როდესაც თბილისში ახალგაზრდა მოკლეს სექტემბრის დასაწყისში. მან თქვა, რომ პრემიერის სურვილია თქვენთან თანამშრომლობაო. მაგრამ, იმის მაგივრად რომ მყისიერად დაგვეწყო თანამშრომლობა არაძალადობის პროგრამებზე, ისევ და ისევ დროის გაწელვა არჩიეს.
ახლა კიდევ ერთი ახალგაზრდა ბიჭი მოკვდა პოლიციელის ხელით. რას ფიქრობ, ირაკლი, უნდა გაი-სუს-ოს ქართული საზოგადოება, როცა უდანაშაულო ბიჭებს ხოცავენ და შსს სავსეა ძველი ნაცისტი კადრებით? პირიქით, საჭიროა საფუძვლიანი ნაბიჯების გადადგმა.
ჩვენ არაძალადობის და მედიაციის სწავლების პროგრამა მივეცით ბატონ ლევან იზორიას, ვესაუბრეთ ბატონ გია შერვაშიძეს, ორივე მათგანი საკმაოდ განათლებული პიროვნებაა მაგრამ იმედია, მალე დაადგება საშველი არაძალადობის პოლიტიკის განხორციელებას. და ეს პრემიერ-მინისტრის ნება უნდა იყოს.
პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტთან და პარლამენტთან ერთად უნდა უზრუნველყოს რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველო აღარ იყოს პოლიციური სახელმწიფო, სადაც მხოლოდ კაპიტალს იცავენ და ადამიანების სიცოცხლეს ფასი არა აქვს. დღეს აქაც სავალალო სურათია. რა ვქნათ? იმედი მაქვს არც თქვენ და არც მთელი ჩვენი ჯანმრთელი საზოგადოება არ გავი-სუს-ებით და ძალის მონობას ვარჩევთ ღირსეულ საზოგადოებას.
მოკლედ, ჩემო ირაკლი, მე ამ მთავრობის გულშემატკივარი კი ვარ - ორ წელიწადზე მეტ ხანს კრიტიკის ხმა პრაქტიკულად არ დამცდენია და ახლაც ეს კრიტიკა იმისთვისაა, რომ დაგეხმარო.
ჩვენ ხომ ძმურად ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი და დავპირდით, რომ სიმართლეს ვეტყოდით. მე მინდა, როგორც ჩემს მეგობარს ისე გითხრა: არ არის ხალხი ბედნიერი და კმაყოფილი ორი წლის ოცნებით.
ხალხს უნდა, რომ მთავრობა ოცნებიდან საქმეზე გადავიდეს და დაამთავროს ის ნაცისტურ-ნეოლიბერალური ჯოჯოხეთი, რომელშიაც უკვე 11 წელია ცხოვრობს. აღარ შეიძლება, ნაცისტური კადრებით დაკომპლექტებული იყოს ძალოვანი სამინისტროები და ისინი ისევ ნაცისტურ კომპანიებს აგებინებდნენ ტენდერეს სხვადასხვა ადგილას. ეს არ არის შეცდომა. ეს დანაშაულია, მაშინ როცა ხალხის უმრავლესობა დამშეულია.
შენ ალბათ არ იცი ამის შესახებ, რადგან ბევრი თანამდებობის პირი არჩევს, რომ ხმა არ ამოიღოს და გა-სუს-ული დარჩეს ამ მწარე სიმართლის შემხედვარე, მაგრამ შენი ნამდვილი და ერთგული მრჩეველი ყოველთვის სიმართლეს გეტყვის.
ილია ჭავჭავაძეც კახელი კაცი იყო და ყოველთვის იმ პრინციპით მოქმედებდა: ,,მოყვარეს პირში უძრახე და მტერს პირს უკანაო''. მოყვარე რომ არ ვიყო, არ გეტყოდი ამას და მიტინგს მოგიწყობდი. შენი მტერი ისაა, ვინც ინფორმაციას ფლობს ამ საშინელ ფაქტებზე და გა-სუს-ული ზის და მხოლოდ კარგს გეუბნება.
ნაცისტებმა რომ პასუხი უნდა აგონ საკუთარ დანაშაულებებზე, ამაში საზოგადოების დიდი ნაწილი ერთ აზრზეა. მაგრამ, ვანო მერაბიშვილის ციხეში ჩასმას არანაირი აზრი არა აქვს, თუკი დღევანდელი პოლიცია ისევ მხოლოდ ძალადობის ენაზე ილაპარაკებს.
პოლიციამ და სხვა სამსახურებმაც არაძალადობის და მშვიდობის ენაზე ლაპარაკი თუ არ ისწავლეს, არაფერი გამოვა, ჩემო ძმაო. ამის სახელმძღვანელოები ჩვენ მათ მივაწოდეთ სხვადასხვა ფორმით დიდი ხანია და ძალიან ცუდია, რომ საშინაო დავალებას არ ასრულებენ. უნდა წაიკითხონ წიგნები თუ არა, პატარა ფაილები მაინც, ჩემო ბატონო. ისწავლონ და პრაქტიკაში განახორციელონ, რომ მოქალაქემ პოლიციელი თავისიანად ჩათვალოს და არა მტრად.
ჩემი მთავარი მიზანია, ჩემო ირაკლი, რომ დაგარწმუნო იმაში, რომ ნეოლიბერალიზმის არც გალამაზებული ვარიანტი ვარგა და არც უშნო. ეს ორივე ერთი და იგივეა. ქართველმა ხალხმა იმისათვის არ იბრძოლა 9 წელი, რომ 2 წელი სახეცვლილი ნაცისტური ნეოლიბერალიზმი ენახა და დამშეული და დამცირებული ქუჩაში მდგარიყო და მერე მისთვის ისევ ტყვია ესროლათ.
ჩვენს საერთო მეგობრებთან ოთოსთან და მახოსთან (ორივე არაჩვეულებრივი პიროვნებაა და პატრიოტი) ამ საკითხებზე ვისაუბრეთ და შევთანხმდით - ქართველი ხალხი აღარ გაი-სუს-ება - და აღარც აქვს გაჩუმების უფლება. თქვენი და ბევრი მინისტრის იმედი გვაქვს. ან მთავრობა უნდა ჩადგეს ხალხის სამსახურში, ანკი ხალხი მას გამოცვლის. მე იმედი მაქვს, გამოიჩენთ ხედვას და სასწრაფოდ მოატრიალებთ ქვეყნის პოლიტიკას.
ქართველ ხალხს არ სჭირდება სახეცვლილი ნეოლიბერალიზმი და არც ,,უკეთესი მიშა''. ქართველ ხალხს სჭირდება რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკა. ისეთი პოლიტიკა, რომელიც მოქალაქეებს ბედნიერებისკენ სწრაფვის გრძნობას დაუბრუნებს. მე ეს გრძნობა კარგად მახსოვს 1988-89 წლებიდან მოყოლებული.
ნუ ჩაგვიქრობთ ამ გრძნობას - და ჩვენ ყველანი გვერდზე დაგიდგებით.
გვერდზე დაგიდგებით, მაგრამ არ გავი-სუს-ებით. გაჩუმება ახლა დანაშაულის ტოლფასია ჩვენი მხრიდანაც!" - აღნიშნავს ირაკლი კაკაბაძე.