პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს გალუსტ საჰაკიანს შეხვდა.
"კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საქართველოსა და სომხეთის მომავალი იმდენად მჭიდროდაა ერთმანეთზე დამოკიდებული, არ გვაქვს უფლება თუნდაც მცირე შეცდომის დაშვების ერთმანეთთან ურთიერთობაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროპული არჩევანის გზას დაადგა, ხოლო სომხეთი თავისი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, ევრაზიის კავშირში აპირებს გაწევრიანებას, ამით ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში უარყოფითისკენ არაფერი შეიცვლება. პირიქით, შევთანხმდით, რომ ვიქნებით ერთმანეთის ინტერესების ყველაზე უფრო აქტიური დამცველები ამ გაერთიანებებში. ჩვენ ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ახალ პერსპექტივებზეც. საჭიროა მეტი სატრანსპორტო საშუალებები, მეტი კომუნიკაციური კვანძები, მეტი თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში, რათა ორივე ქვეყანაში კერძო სექტორმა მეტ წარმატებას მიაღწიოს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.