ივერიონი / ბაჩო ახალაია საქართველოშია!

ბაჩო ახალაია საქართველოშია!

მინდა საჯაროდ განვაცხადო, ქვეყანა დავტოვე დროებით, ვინაიდან არ მინდოდა ვინმეს უსაფუძვლოდ ჩაეთვალა აწ უკვე მმართველი პოლიტიკური ჯგუფიდან, რომ რამენაირად ხელს შევუშლიდი 1-ლი ოქტომბრის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შემდეგ ხელისუფლების გადაცემის პროცესს.


ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაწერა. ის აცხადებს, რომ საქართველოშია და მზად არის სამართალდამცავების ნებისმიერ კითხვას უპასუხოს.


"ივერიონი" ბაჩო ახალიას განცხადებას უცვლელად გთავაზებთ:
"მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" მიერ გაცხადებული პოლიტიკა ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, ვთვლი, რომ არჩევნები იყო მნიშვნელოვანი ეტაპი რეფორმების კონსოლიდაციისათვის და სურვილი მაქვს, ახალმა პოლიტიკურმა ძალამ არ გაფლანგოს ეს დემოკრატიული მონაპოვარი.


მე არ წარმოვადგენ და არ ვსაუბრობ არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის სახელით, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ვიზიარებდი და ვიზიარებ პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკას და ჩემი საქმიანობით ყოველთვის ვემსახურებოდი ქართულ სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეებს.


ჩვენ მოგვიწია ურთულესი და მძიმე ბრძოლა საქართველოში ფესვგადგმული კრიმინალური და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. ბრძოლა ამ კლანების წინააღმდეგ ხშირად მაღალი საფრთხის შემცველი იყო ჩემი თანამებრძოლების და მათი ოჯახის წევრებისთვის. მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა და ახლაც გვჯერა, რომ ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ.


მე მწამს, რომ მიუხედავად სუბიექტური თუ ობიექტური ხარვეზებისა, ჩვენ წელში გავტეხეთ კრიმინალური სამყარო და დღეს საქართველო თავისუფალია მაფიოზური კლანებისაგან და ჩვენი შვილები ცხოვრობენ უსაფრთხო გარემოში.


ყველას შეგახსენებთ, რომ ქურდული სამყაროს ბატონობა ციხეებში იწვევს კრიმინალს და ადამიანის უფლებების სისტემატურ დარღვევას არა მარტო სისტემის შიგნით, არამედ პირდაპირ უწევს ორგანიზებას და კონტროლს დანაშაულის გააქტიურებას საპყრობილის ფარგლებს გარეთაც, რაც უდიდეს საფრთხეს უქმნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.
ჩვენ თავდაცვის სისტემაში გავაფართოვეთ მიმდინარე რეფორმები. მათ შორის ოფიცრებისა და ჯარისკაცებისთვის პირობების უზრუნველყოფის და თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, შეიარაღების მოდერნიზებისა და წარმოების და ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით.


ჩემი მთავარი მიზანი იყო, დამეცვა მშვიდობა და უსაფრთხოება ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი სამხედრო პროვოკაციის შემთხვევაში. მე ვამაყობ, რომ ქართული არმია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ინსტიტუტი გახდა საქართველოში.


სასიამოვნოა, როდესაც საქართველოს სახელით სამშვიდობო მისიებში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცები მაღალ შეფასებებს იმსახურებენ ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ჩემი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იყო ქვეყნის ინტერესების დაცვა.


ღრმად მწამს, რომ ადამიანის თავისუფლება და დემოკრატია არის ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარი და სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. მინდა მივმართო ქართველ ხალხს - მე პასუხისმგებელი ვარ თითოეულ ჩემს ქმედებაზე, თითოელ ჩემს ნაბიჯზე. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ბოლო პერიოდის უაპელაციო განცხადებები ჩემს მიმართ ადასტურებს, მათ მიერ ჩემი დევნა არ იქნება პოლიტიკისაგან თავისუფალი, და მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი მათი მიზანია პოლიტიკური შოუს გამართვა უხვად დარიგებული დაპირებებს შესრულების სანაცვლოდ, მე დავბრუნდი საქართველოში და ვაცხადებ, რომ შესაბამისი უწყებების მიერ გამოძიების ჩატარების შემთხვევაში მზად ვარ, პასუხი გავცე ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას.


საქართველო არის ქვეყანა, სადაც დავიბადე და გავიზარდე და ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას როგორც ქვეყნის, ისე თითოეული მისი მოქალაქის მიმართ. მადლობა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ მხვდა წილად ბედნიერება, მონაწილეობა მიმეღო ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ, თუმცა მტკივნეული რეფორმირების პროცესში.


მე არ ვაპირებდი და არც ვაპირებ ჩემი ქვეყნიდან სადმე წასვლას და რასაც არ უნდა ვსაქმიანობდე მომავალში, ჩემი უმთავრესი პრინციპი იქნება საქართველოს წარმატება და წინსვლა, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა და სიმშვიდე", - ნათქვამია მიმართვაში.

5-11-2012, 15:10
უკან დაბრუნება