ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი გელა კოჩალიძე დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ გელა კოჩალიძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლისაგან ქრთამის სახით 500 ლარი აიღო, სანაცვლოდ კი აღნიშნულ ტენდერში მფარველობას დაჰპირდა. ბრალდებულმა კომპანიის წარმომადგენლებს ასევე პირობა მისცა, რომ ტენდერში გამარჯვების შემდეგ, თავად მიიღებდა დაბალი ხარისხის მასალისაგან დამზადებულ ავეჯს და მიმღებ კომისიასაც თავად მოაწერინებდა ხელს მიღება-ჩაბარების აქტზე.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.