ივერიონი / ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის": ჩვენი ოპონენტი კოლეგების განცხადება უსაფუძვლოა!

ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის": ჩვენი ოპონენტი კოლეგების განცხადება უსაფუძვლოა!

  დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" საჯარო სამსახურებში საკონკურსო-საატესტაციო გამოცდებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


  "ფრაქცია თბილისის  მერიაში ქალაქის მთავრობის  მოხელეთა ატესტაციას დადებითად აფასებს, მის აუცილებლობას თანამშრომელთა კვალიფიკაციის შემოწმებით ხსნის და განმარტავს, რომ ტესტირება უზრუნველყოფს  სამსახურებრივი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებას.

  ჩვენ მივესალმებით ასეთი სახით ატესტაციის ჩატარებას. იმისათვის, რომ სამსახურებმა სრულფასოვნად შეასრულონ საკუთარი მოვალეობები, ატესტაცია აუცილებლად უნდა ჩატარდეს. მერიასა და საკრებულოში ბევრი კვალიფიკაციური კადრია, რომლებიც უპრობლემოდ შეძლებენ ამ ეტაპის გავლას და, შესაბამისად, შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს",- ნათქვამია განცხადებაში.

 

  საკრებულოს მმართველი ფრაქცია ოპონენტი კოლეგების მხრიდან ზეწოლის შესახებ გაკეთებულ განცხადებასაც ეხმიანება.

   "მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს  მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან განხორციელდა თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლება, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" წევრებმა  დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებისგან გამოითხოვეს ინფორმაცია, რის შემდეგაც გაირკვა, რომ  2014 წლის 1 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით თბილისის მერიის თანამშრომელთა 95% კვლავ ასრულებს თავის მოვალეობას. რაც შეეხება გათავისუფლებულ ადამიანებს,  მათი რაოდენობა 155 ადამიანს აღწევს, აღსანიშნავია, რომ აქედან, პირადი განცხადების საფუძველზე - 115, ვადის გასვლის გამო - 32, დისციპლინური პასუხისმგებლობის გამო - 5 და სხვა საფუძვლით - 3 გათავისუფლდნენ.

  აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჩვენი ოპონენტი კოლეგების განცხადება უსაფუძვლოა და თითოეულ მათგანს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ უპასუხისმგებლო განცხადებებისგან და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საქმეს",- ნათქვამია განცხადებაში.

8-10-2014, 17:58
უკან დაბრუნება